უკრაინის პოლიციამ გაასაჯაროვა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, რომ უკრაინელების მიერ კოტროლირებად დონეცკის რეგიონის ქალაქ ბახმუტის სკოლა რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ნანგრევებად არის ქცეული.
რუსმა სამხედროებმა სკოლაზე კვირას, 24 ივლისს გამთენიისას მიიტანეს იერიში. პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდასხმის მომენტში შენობაში არავინ იმყოფებოდა.
ლუჰანსკის რეგიონის მთლიანად დაკავების შემდეგ რუსეთს ყურადღება აქვს გადატანილი დონეცკის რეგიონზე, რომელსაც მხოლოდ ნაწილობრივ აკონტროლებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ფართომასშტაბიანი შეტევა ჯერ არ დაწყებულა, გარკვეულ ადგილებში გრძელდება შეტაკებები და დაბომბვა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს კადრებს, რომლებშიც ჩანს, რომ უკრაინაში დამატებითი რუსული სამხედრო ტექნიკაა განთავსებული.
ამავდროულად, ხარკივის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქის – ჩუჰუივის მერი გალინა მინაიევა აცხადებს, რომ ორშაბათს დილით მათ დასახლებაში 12 რაკეტა ჩამოვარდა. მას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, მოჰყვა თუ არა თავდასხმას მსხვერპლი, თუმცა ვარაუდობს, რომ ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი.
ჩუჰუივის მერის თქმით, მთელი ამ წლების განმავლობაში მათი მოქალაქეები აშენებდნენ და ქმნიდნენ კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს. ახლა კი ამ ყველაფერს მტერი ანგრევს, ხოცავს ბავშვებს, მშვიდობიან მოსახლეობას.
უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი ხარკივი ვლადიმერ პუტინის შემდეგ სამიზნედ მოიაზრება, თუმცა უკრაინელი სამხედროები ფიქრობენ, რომ მოსკოვს არ ჰყავს საკმარისი ცოცხალი ძალა, რომ ქალაქი აიღოს.