შეგიძლიათ ვინმეს 86 წლის ცხოვრება 10 წუთში ჩაატიოთ? ნაზარე ჟორჟიმ შეძლო. ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს პორტუგალიელი პენსიონერი პაწაწკინტელა ოთახში ცხოვრობდა, რომელიც ლისაბონის მუნიციპალიტეტმა მისცა. მაგრამ ბინის ქირის გადახდა უჭირდა, ამიტომ ამ ოთახში დეიდასთან ერთად ორმოცი წელი იცხოვრა, თუმცა 2019 წელს ქირის გადახდა ვეღარ შეძლო და პოლიციის ძალით გამოასახლეს. მას შემდეგ იგი ცხოვრობს 10 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ბინაში, რომელშიც ქალაქის მთავრობამ შეასახლა.
ივნისის ერთ საკამოდ ცხელ დილას მის პაწაწინა ოთახში მთელი სამი საათი ვუსმენდი და ვიღებდი ნაზარეს მონათხრობს.
რამდენიმე კვირის წინ ვამზადებდი რეპორტაჟს ლისაბონში საცხოვრებელი სახლების კრიზისზე. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, პორტუგალიაში, განსაკუთრებით კი მის დედაქალაქ ლისაბონში, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დინამიური უძრავი ქონების ბაზარია. თუმცა ეს საკმაოდ ძვირი უჯდება მოსახლეობას.
უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით წარმატებით გატარებული პროგრამების შედეგად სოკოებივით მომრავლდა ახალი მშენებლობები, სარემონტო სამუშაოები და ტურისტებზე გათვლილი ბინები. უძრავი ქონებისა და ბინის ქირის ფასი ელვის სისწრაფით გაიზარდა.
ეკონომიკის განვითარების შედეგად ფასები იმატებს და ზოგიერთ ადამიანს ბინის დატოვება უწევს, როგორც ეს ნაზარეს დაემართა.
ნაზარეს არასამთავრობო ორგანიზაციამ STOP DESPEJOS-მა (ითარგმნება როგორც „შეწყვიტეთ გამოსახლება“) დაგვაკავშირა. ამ ორგანიზაციამ და კიდევ ერთმა არასამთავრობო ორგანიზაცია Habita!-მ დაგვაკავშირა იმ ხალხთან, რომლებიც საცხოვრებელი სახლის დეფიციტის გამო დაბრკოლებებს წააწყდნენ.
ჩემდა გასაოცრად გაირკვა, რომ გასახლების საფრთხე თავად Habita!-საც ემუქრება, რადგან იმ ფართის მეპატრონე, სადაც ორგანიზაციას უდევს ბინა, ქირის გაგრძელებაზე უარს ამბობს. მიზეზი ბუნდოვანია, თუმცა ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ მეპატრონეს რაღაც ფარული საინვესტიციო გეგმა აქვს. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ლისაბონში საცხოვრებელი სახლის მიმდინარე კრიზისის მიზეზებად სპეკულაციას, ქირის დაურეგულირბელ განაკვეთებსა და პოლიტიკურ უმოქმედებას თვლის.
პასუხების ძებნაში ოფიციალურ პირებსაც მივადექი. უამრავი კითხვა დავუსვი ლისაბონის მერის თანაშემწეს განსახლების საკითხებში.
პორტუგალიაში ყველაზე დიდი უძრავი ქონების მფლობელი ლისაბონის საკრებულოა, რომელიც 25 ათასი სოციალური სახლის მესაკუთრეა. მათი უმეტესობა – თუმცა არა ყველა – ახლა გაცემულია. კრიზისის გამო საკრებულო ახლა ფრონტის წინა ხაზზე დგას და მას კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ.
ფილიპა როზეტამ, ლისაბონის მერის თანაშემწე განსახლების საკითხებში, მოთმინებით უპასუხა ჩემს კითხვებს, თუმცა უარყო ყველა ის ბრალდება, რასაც მუნიციპალიტეტს უყენებენ. მან მომიყვა, თუ რა სამუშაოები გაწია მერიამ განსახლების პრობლემების შესარბილებლად, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ქალაქის მთავრობა ქირასაც უფინანსებს მოქალაქეებს.
ინტერვიუს დასასრულს, ფილიპამ მითხრა, რომ 70 ახალი სოციალური სახლის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია იყო დაგეგმილი და მისვლა გადავწყვიტე. საჯარო დაწესებულებებს სურთ, დაამტკიცონ, რომ სოციალურ სახლებში დებენ ფულს. ცერემონიას ლისაბონის მერი და პორტუგალიის ინფრასტრუქტურისა და განსახლების მინისტრიც დაესწრო.
სრულიად შემთხვევით, ჩემი რეპორტაჟის გადაღება ლისაბონის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ღონისძიებას – ე.წ. „პოპულარულ მარშს“ დაემთხვა: პორტუგალიის დედაქალაქის 20 უბნის მცხოვრებნი უკვე მრავალი წელია „პოპულარულ მარშს“ აწყობენ და ერთმანეთს ცეკვით ეჯიბრებიან. ეს მსვლელობა კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ როგორი კოლორიტული და უნიკალური ლისაბონის კულტურა, რომელსაც ახლა უძრავი ქონების ბაზარი უქმნის საფრთხეს, რადგან გაზრდილი ქირის გამო სულ უფრო მეტი ადგილობრივი ტოვებს ქალაქს.
ავტორი: ხულიან ლოპეს გომესი