„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” და „სამართლიანმა არჩევნებმა” გამოაქვეყნეს კვლევა, რომელიც 2018-2020 წლებში ჩატარებული არჩევნებისას ამომრჩეველთა არაკანონიერი გზებით მობილიზების სავარაუდო დამადასტურებელ ფაქტებს შეიცავს.
ორგანიზაციების თქმით, მათ ეს დოკუმენტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა გადასცა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
“მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სერვისების გამოყენებით კონკრეტულ პირებს, სავარაუდოდ, სთავაზობდნენ პირობითი მსჯავრის გაუქმებას, პენიტენციური დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას, შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენას, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდების შემსუბუქებას (გადაკვალიფიცირებას), სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას, წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადებას და ასე შემდეგ”, — ვკითხულობთ სამართლიანი არჩევნების მიერ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
აღნიშნული განცხადებები ეფუძნება იმ ფაილებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, სოსო გოგაშვილმა მიაწოდა. მაგალითად, კვლევაში მოყვანილია წერილი, სადაც ვკითხულობთ, რომ თუ არჩევნებამდე ერთ-ერთ პატიმარს პირობებს გაუუმჯობესებდნენ, მაშინ ერთ-ერთ უბანში საკმაო მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მიღებული დოკუმენტების გადამოწმების მიზნით, გამოითხოვეს პირობით მსჯავრის გაუქმების სტატისტიკაც, რომელიც ასახავს, რომ არჩევნების პერიოდში პირობითი მსჯავრის გაუქმების შემთხვევები მნიშვნელოვნადაა მომატებული, რაც თანხვედრაშია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიწოდებულ ინფორმაციასთან.
“როგორც დოკუმენტებიდან გამოიკვეთა, მმართველი პარტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების შესახებ პოლიტიკურ დოსიეებს ადგენდა და საკადრო პოლიტიკის გატარებისას აღნიშნულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. ამის ტიპურ მაგალითად საჯარო სკოლების დირექტორების პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია შეიძლება მივიჩნიოთ”, — ვკითხულობთ გამოქვეყნებულ პოსტში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” და „სამართლიანმა არჩევნებმა” პროკურატურას გამოძიების დაწყების განცხადებით ოფიციალურად მიმართეს.