მთავარისაქართველოგზა მარიუპოლიდან რუსთავამდე

გზა მარიუპოლიდან რუსთავამდე

უკრაინელი ცოლ-ქმარი, ოლექსანდრ და ელენა კოჩმარები, უკვე 5 თვეა რუსთავის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშაობენ. იქამდე, მთელი ცხოვრების განმავლობაში, „აზოვსტალის“ ქარხანაში შრომობდნენ.

მარიუპოლი, ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთ თვეში, მაშინ დატოვეს, როდესაც ინტენსიური დაბომბვების გამო, ბუნკერებიც კი აღარ იყო უსაფრთხო. ახლა მათი ხელფასი, წინანდელთან შედარებით, სამჯერ დაბალია, თუმცა მაინც მიაჩნიათ, რომ გაუმართლათ. ამბობენ, რომ საქართველოში მათი კარგად ესმით და ეს იმ სტრესისგან თავის დაღწევაში ეხმარებათ, რომელიც მარიუპოლში გამოიარეს.

„ბოლო წამამდე არ მჯეროდა, რომ ომი მართლა დაიწყებოდა. თავიდან გარეუბნებში დაიწყო ბრძოლები, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული შეტევის მოგერიება ვერ შეძლეს და სულ მალე რუსებმა უკვე ქალაქში, „აზოვსტალის“ ქარხანას შეუტიეს. ჩვენ აზოვსტალთან ძალიან ახლოს ვცხოვრობდით. ჩვენი სახლი ბრძოლის ეპიცენტრში მოექცა. მარიუპოლის ყველაზე სერიოზული ბრძოლები სწორედ ჩვენს სახლთან მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა, მთელი ქალაქი დაზარალდა. სახლები, სკოლები, საავადმყოფოები, თეატრები – ყველაფერი მიწასთან გასწორდა“, – იხსენებს ოლექსანდრ კოჩმარი, აზოვსტალის ყოფილი თანამშრომელი.

მარიუპოლზე თავდასხმა არ წყდებოდა, იმ დროს ელენა და ოლექსანდრი, შვილთან ერთად ბუნკერს აფარებდნენ თავს. იქ მათ გარდა კიდევ 70-მდე კაცი იყო… მეზობლები.

5 დღე ბუნკერი არავის დაუტოვებია. მეექვსე დღეს კი, მაშინ როცა არც ელექტროენერგია და არც წყალი აღარ ჰქონდათ და თან ძალიან ციოდა, გარეთ გასვლა გადაწყვიტეს.

„მეზობელმა, რომელსაც ჭა ჰქონდა, ეზოს კარი გახსნა და გვითხრა, რომ ვისაც წყალი უნდოდა, შეეძლო წაეღო. იქამდე მისვლა ძალიან სახიფათო იყო, თუმცა სხვა გზაც არ ჩანდა. ჭამდე მისასვლელად გვამებს შორის გავლა გვიწევდა. ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი გვამი იყო. ერთ დღეს, როდესაც ოლექსანდრი და ჩემი ვაჟი წყლის მოსატანად წავიდნენ, მათთან ძალიან ახლოს ჭურვი აფეთქდა. გონება დაკარგეს. მეგონა რომ დაიღუპნენ, არ ვიცოდი დაბრუნდებოდნენ თუ არა ცოცხლები“, – იხსენებს ელენა.

„ბუნკერიდან წყლის მოსატანად გასვლა, რუსულ რულეტკას ჰგავდა. ერთ დღეს ჭასთან ჭურვი ჩამოვარდა, 5 ადამიანი იმსხვერპლა. მათ ფეხები მოწყვიტა. ჭის ირგვლივ ყველაფერი სისხლიანი იყო. იმ ჭიდან წყლის მოპოვება უკვე წარმოუდგენელი იყო. იქ ადამიანების ნაწილები ეყარა. ამიტომ სხვა ადგილი უნდა გვეპოვნა“, – იხსნებს ოლექსანდრი.

ამბობენ, რომ მათთვის ყველაზე რთული დღე 19 მარტი იყო, აი სწორედ ამ დღეს მიხვდნენ, რომ მარიუპოლი უნდა დაეტოვებინათ, მასთან ერთად კი ის სახლი, რომელიც ახალდაქორწინებულებმა 30 წლის წინ იყიდეს.

„მე და ელენა 1993 წელს დავქორწინდით, მალე 30 წელი გავა. ამ 30 წლის განმავლობაში ბევრი ვიშრომეთ და ვიწვალეთ იმისთვის, რომ ჩვენი საკუთარი ბინა გქვონოდა და შვილებისთვის განათლება მიგვეცა. და აი მაშინ, როდესაც გვეგონა, რომ ყველაფერი გავაკეთეთ და ახლა უკვე ყველაფერი კარგად იქნებოდა, ერთმა ადამიანმა ე.წ. „სპეცოპერაცია“ გადაწყვიტა და ჩვენ, 30 წელი თავზე ჩამოგვენგრა. თითქოს ყველაფერი 30 წლით უკან დაბრუნდა და ჩვენ ისევ ვიქირავეთ ბინა. ოღონდ ამჯერად საქართველოში. ახლა ისეთი ახალგაზრდები აღარ ვართ… ამიტომ მეტად ვღელავთ ახალი ცხოვრების დაწყებაზე ვიდრე მაშინ, როცა 20 და 24 წლისები ვიყავით. არაფერი არ გვაქვს და ისევ ნულიდან ვიწყებთ ცხოვრებას“, – ამბობს ოლექსანდრი.

მშობლების მსგავსად ცხოვრებას თავიდან იწყებს მათი ვაჟიც, ვლადისლავ კოჩმარი.

„გზა მარიუპოლიდან რუსთავამდე ძალიან რთული იყო როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. აქ, რაც არ უნდა კარგი იყოს, სახლში ყოფნა ყველაფერს ჯობს. ძნელია იმის გაცნობიერება, რომ სახლში ვერ დაბრუნდები და ზოგადად დასაბრუნებელი აღარ გაქვს. ჩვენ მივხვდით, რომ აზრი არ აქვს უიმედოდ ჯდომას. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიჯდეთ და ვიგლოვოთ, თუმცა მგონია, რომ ეს დროის კარგვაა. მაქვს ოცნება და ამ ოცნებისკენ უნდა ვიარო. მინდა ბათუმში საზღვაო უნივერსიტეტში ჩაბარება, ელექტრომექანიკოსის პროფესიის დაუფლება. ამისთვის ბევრს ვემზადებოდი მარიუპოლში, გამოცდებიც ჩავაბარე, თითქოს ყველაფერი გამოდიოდა და ჩემი ოცნების ახდენამდე სულ ცოტა მქონდა დარჩენილი, მაგრამ დაიწყო ომი…“ – ამბობს ვლადისლავ კოჩმარი.

ახლა ელენას და ოლექსანდრს ხელფასი ერთად 1130 ლარი აქვთ, საიდანაც 650-ს ბინის ქირაში იხდიან. თანხის დანარჩენი ნაწილი კი როგორც ამბობენ, კომუნალურებსა და საჭმელში ძლივს ჰყოფნით. თუმცა მომავალს იმედიანად უყურებენ და ოცნებობენ, რომ მათი ვაჟი – ვლადისლავი, ბათუმის საზღვაო უნივერსიტეტში ჩააბარებს.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend