მთავარი ევროპა უკრაინა უკრაინული არმია სამხრეთში შეტევით სამხედრო ოპერაციას ატარებს

უკრაინული არმია სამხრეთში შეტევით სამხედრო ოპერაციას ატარებს

უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი სახელმწიფოს სამხრეთ რეგიონში, ხერსონში ადგილობრივებს მოუწოდებს, დატოვონ ქალაქი, რადგან რუსული არმიის მიერ დროებით ოკუპირებულ რეგიონში უკრაინული არმია კონტრშეტევას გეგმავს.

სამხრეთუკრაინულ რეგიონსა და ქალაქ ხერსონზე კონტროლი კიევმა 24 თებერვალს რუსული ინტერვენციის დაწყებიდან მალევე დაკარგა.

ომამდე რეგიონში 300 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის მიერ ოკუპირებულ რეგიონში ეგრეთ წოდებული რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ, თუმცა სავარაუდო თარიღი ჯერ არ დასახელებულა.

მძიმე ბრძოლები გრძელდება აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე, უკრაინული არმიის პრესმდივნის თქმით, რუსი ოკუპანტები დონბასის რეგიონის ქალაქების, კრამატორსკისა და ბახმუტის აღებას ცდილობენ.

დონბასში ჯოჯოხეთი ტრიალებს – ამას უკრაინის აღმოსავლეთში ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები ამბობენ.

ჰყვებიან იმ მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე, რომელშიც მუდმივად უწევთ ყოფნა. ვოლოდიმირ ნაზარენკო ბატალიონ „სვობოდას“ მეთაურის მოადგილეა.

“ყოველდღე გვბომბავდნენ. ეს სიმართლეა, არც ერთი შენობა არ დაუტოვებიათ, მიზანმიმართულად გაანადგურეს ყველაფერი, ტანკებიდანაც უმიზნებენ. რამდენიმე ტანკი ერთდროულად ესვრის შენობას, სანამ არ დაინგრევა. ამ გზით რუსი დამპყრობელი მთელ ქალაქს ანადგურებს”, – ყვება ბატალიონ „სვობოდას“ წევრი ვოლოდიმირ ნაზარენკო.

არტემი თავისი თანამებრძოლების გმირობასა და იმ მძიმე პირობებზე საუბრობს, რომლებიც ფრონტის ხაზზე იყო. უკრაინელ ჯარისკაცებს სჯერათ, რომ შეძლებენ რუსული არმიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას.

„ჯარისკაცები მორალურად მხნედ არიან. მტერს მოვუგებთ და გავიმარჯვებთ, 2014 წლის საზღვრებს აღვადგენთ, ყირიმსაც დავიბრუნებთ. მძიმე მომენტები გამოვიარეთ. არაადამიანურ პირობებში გვიწევდა ყოფნა. რთული აღსაწერია, რაც ჩვენ გამოვიარეთ. მიზანი მტრის განადგურება იყო”, – ამბობს ბატალიონ „სვობოდას“ წევრი არტემ რუბანი.

სლოვიანსკში კი თევზის ერთ-ერთი მაღაზია ჯარისკაცებისთვის საკვებისა და აღჭურვილობის მომარაგების ცენტრად გადააკეთეს.

ტეტიანა ხიმიონი 43 წლის მოცეკვავეა, მომარაგების ცენტრი სწორედ მან შექმნა, მას ფრონტის ხაზზე მიმავალი ან იქიდან დაბრუნებული ბევრი სამხედრო ახსოვს.

“ბევრნაირი ადამიანი მხვდება. როცა ომში მიდიან, ხშირად იღიმებიან, უკან დაბრუნებისას კი მათ თვალებში მხოლოდ სიცარიელეს ვხედავ. რამდენიმე დღეში მათ სახეზე ღიმილი ისევ ბრუნდება. ვინც იცის სამხედრო საქმე, ახლადგაწვეულებს ეხმარება”, – ამბობს მოხალისე ტეტიანა ხიმიონი.

სევეროდონეცკის აღების შემდეგ რუსული არმია ნელა, თუმცა მაინც წინ მიიწევს დასავლეთისკენ. ახლა მოსკოვი ლუჰანსკს მთლიანად და დონბასის დაახლოებით ნახევარს აკონტროლებს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend