4 ივლისს რუსეთის პირველი არხის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვით საქართველოში რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის საქმიანობის გამოძიებას ითხოვენ.
სიუჟეტში გრძელდება რუსული ნარატივი იმის შესახებ, რომ ლაბორატორიაში თითქოს „სახიფათო ექსპერიმენტები“ ტარდება და ეს ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა სახელმწიფოების, მათ შორის უკრაინის, ტერიტორიებზე არსებულ “ამერიკულ ლაბორატორიებში”.
დაახლოებით ოთხწუთიან სიუჟეტში ბევრი სხვადასხვა ყალბი და კონსპირაციული ამბავია გაერთიანებული.
„მითების დეტექტორის” ცნობით, პროპაგანდისტული სიუჟეტში მონაწილეობენ ქართველი რესპონდენტები კოალიცია „ანტილაბ საქართველოდან”, რომელთა მიზანია დაიხუროს ლაბორატორია.
აღსანიშნავია, რომ „ანტილაბ საქართველოს“ ვებგვერდი რუსულენოვანი პროვაიდერის – reg.ru-ს მიერაა რეგისტრირებული, ვებგვერდის IP მისამართი კი მოსკოვში აქვს.