საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს მოსახლეობას ახსოვდეს, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. კელი დეგნანის თქმით, საქართველოს მეგობრები აშშ-სა და ევროპაში არიან და ეს საქართველოსთვის მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გზაა.
„საქართველო ნატოსთვის ძალიან ძლიერი პარტნიორია. ეს მადრიდის სამიტზეც გამოჩნდა. მადრიდის სამიტი იყო დემონსტრირება, თუ რამდენად ძლიერი და ერთიანია ნატო, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული სასტიკი ომის ფონზე. ნატო არის თავდაცვითი ორგანიზაცია, რომლის მიზანიც მშვიდობის უზრუნველყოფაა ევროპის რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ. საქართველოსთვის მადრიდის სამიტი იყო შანსი, რომ ესაუბრათ და განეხილათ ის ნაბიჯები და რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში უნდა გატარდეს ევროატლანტიკური კუთხით.
იმ რეფორმების გატარება, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებადაა საჭირო, ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს პროგრესს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. აუცილებელია, გვახსოვდეს, რომ ნატო არის პოლიტიკური და სამხედრო ალიანსი და მნიშვნელოვანია მზაობა არა მხოლოდ სამხედრო კუთხით, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები, მზად ვართ, განვაგრძოთ საქართველოს დახმარება, რომ ამ მხრივ მიაღწიოს პროგრესს.
რადგან საუბარი შეეხო თავდაცვის საკითხს, მინდა, გამოვეხმაურო იმ მზაკვრულ ნარატივს, რომელიც გრძელდება. როგორც ჩანს, ის პირდაპირ ეფესბეს დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდან მოდის. ნება მიბოძეთ, ნათლად გამოვხატო: ამერიკის შეერთებული შტატები არ ცდილობს, რომ საქართველო ჩაერთოს რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ სასტიკ ომში. აშშ-ს არ სურს, ეს ომი სხვაგანაც გაგრძელდეს. აშშ ამ ომის დროულად შესაჩერებლად აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია. პუტინი იყო ის, ვინც უკრაინის წინააღმდეგ ეს აგრესიული და სასტიკი ომი დაიწყო და სწორედ პუტინს შეუძლია ამ ომის შეჩერება. ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა საქართველოს მეგობრები არიან, რომლებმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. ჩვენ ამას გავაგრძელებთ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს მოსახლეობას ახსოვდეს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი. სწორედ რუსეთი ცდილობდა თქვენი ენის გაქრობას. რუსეთი ანგრევდა თქვენს ეკლესიებს და ცხოველების სადგომებად იყენებდა. თუ კიდევ ვინმეს აინტერესებს, რას ნიშნავს საქართველოსთვის რუსეთთან მეგობრობა, უნდა ნახოთ, რა ხდება ადმინისტრაციულ საზღვარზე. თქვენი მეგობრები აშშ-სა და ევროპაში არიან და ეს საქართველოსთვის მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გზაა”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში.