მთავარიმსოფლიოNATOმსოფლიო წესრიგის დასაცავად

მსოფლიო წესრიგის დასაცავად

მადრიდში ნატოს სამიტი მიმდინარეობს

უკვე მეორე დღეა, ესპანეთის დედაქალაქში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერები მსჯელობენ იმ მთავარი საფრთხის შესახებ, რომლის წინაშეც მსოფლიო წესრიგი დგას.

სამიტის დეკლარაციაშიც ჩაიწერა, რომ ეს საფრთხე რუსეთია. ლიდერები თანხმდებიან, რომ აუცილებელია ტერორიზმთან ბრძოლა. ეს სიტყვა სამიტის დეკლარაციაში რუსეთის კონტექსტში წერია.

უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს უფრო მეტ შეიარაღებას სთხოვს. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიდერებს მსოფლიო წესრიგის დაცვის მნიშვნელობა შეახსენა.

შეახსენა ისიც, რომ მოსკოვს შორს მიმავალი ამბიციები ამოძრავებს და ის უკრაინაზე არ შეჩერდება.

„უკრაინის დახმარება რუსეთის ქმედებებზე მართლაც მტკიცე პასუხის გაცემით არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება და სჭირდება თითოეულ თქვენს სახელმწიფოს, მთელს ალიანსს, მთელს ევროატლანტიკურ საზოგადოებას. თუ თქვენ ნამდვილად განსაზღვრავთ რუსეთს მთავარ საფრთხედ, თქვენ სრულად უნდა დაუჭიროთ მხარი მის მთავარ სამიზნეს. ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, ეს არის ომი ევროპაში პირობების კარნახის უფლებისთვის. ეს განსაზღვრავს, თუ როგორი იქნება მომავალში მსოფლიო წესრიგი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს ლიდერებისადმი ვიდეომიმართვაში.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერები პირობას დებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ ომის დანაშაულების გამოსაძიებლად, მათ შორის სექსუალური ძალადობის ფაქტებისაც. დეკლარაციაში ხაზგასმულია რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის მნიშვნელობაც, ასევე ისიც, რომ ბელარუსმა უნდა შეწყვიტოს რუსეთის ამ ომში თანამონაწილეობა. ამ ფონზე კი შეერთებული შტატები ევროპაში სამხედრო ყოფნას აძლიერებს.

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს: „მოკავშირეებთან ერთად ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენს მზადყოფნას იმ საფრთხეების ფონზე, რის წინაშეც ამ ეტაპზე ალიანსი დგას. ეს გულისხმობს, როგორც ხმელეთის, ასევე ზღვისა და საჰაერო სივრცის დაცვას. ვლადიმერ პუტინმა ევროპაში მშვიდობა დაარღვია. რუსულმა მხარემ დაარღვია საერთაშორისო კანონმდებლობის ფუნდამენტური დებულებები. ამერიკის შეერთებული შტატები და მოკავშირე სახელმწიფოები შესაბამისად იმოქმედებენ“.

„ეს არის გამარჯვება“, „კრიზისი დაძლეულია“ – ასეთი იყო დღეს დილიდან მთავარი სათაურები თურქულ პროსამთავრობო გაზეთებზე. ეს მას შემდეგ, რაც გუშინ, 28 ივნისს თურქეთის პრეზიდენტი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრებაზე ვეტოს მოხსნას დასთანხმდა.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ეს აუცილებელია ევროპაში წესრიგის შესანარჩუნებლად. იმ წესრიგის, რომელიც ამ კონტინენტზე საუკუნეების განმავლობაში დიდი გამოწვევა იყო.

მადრიდის სამიტი თანამშრომლობის ახალ სიმაღლეს სთავაზობს საქართველოსაც. იმ საფრთხეების ფონზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას ალიანსი თბილისის მხარდაჭერას აძლიერებს. მოლდოვა კი უკვე ღიად იწყებს ალიანსთან თანამშრომლობას. დნესტრისპირეთთან დაკავშირებული საფრთხეების გამო კიშინიოვში სერიოზულად დაიწყეს ფიქრი, რომ სამხედრო ნეიტრალიტეტის პოლიტიკა მათი უსაფრთხოების გარანტი ვერ იქნება.

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend