მთავარი საქართველო ევროპული საბჭოს პასუხი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებების შეფასება

ევროპული საბჭოს პასუხი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებების შეფასება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ოპოზიციაში ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტებმა ქართველ ხალხს მოუწოდეს, არ დაიბნენ ხელისუფლების რუსული მეთოდების პიარ-სტრატეგიებით.

ოპოზიციას მიაჩნია, რომ ის, რაც გუშინ მოხდა, სრულად მთავრობის პასუხისმგებლობაა და მოუწოდებენ პრემიერ-მინისტრს, პასუხისმგებლობა აიღოს ამ ჩავარდნაზე და მთავრობასთან ერთად გადადგეს.

„სამწუხაროდ, რეალობას აცდენილი კიდევ ერთი განცხადება მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის მხრიდან. პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, რომელმაც დააკარგვინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა ქვეყანას, რომელმაც 14 მილიარდი ევრო, რაც საქართველოს უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსთან ერთად, დააკარგვინა საქართველოს, რომელმაც საქართველოს დააკარგვინა ჯანმრთელობის ევროპული სისტემა, სოფლის განვითარების ევროპული სტანდარტი, მილიარდობით ინვესტიცია კანდიდატის სტატუსთან ერთად, პრემიერ- მინისტრსა და მთავრობას, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ ირჩევს ოლიგარქიას ევროპული კურსის ნაცვლად, დღევანდელ დღეს მათ უნდა ეთქვათ ხალხისთვის, რომ იღებდნენ სრულად პასუხისმგებლობას ამ კატასტროფაზე და როგორც ყველა ველოდით, უნდა ეთქვათ, რომ გადადგებოდნენ. პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, რომელმაც დააკარგვინა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, უნდა გადადგეს“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

„პრემიერ-მინისტრისგან ბევრი სიცრუე მოვისმინეთ. მარტივი სიმართლე არის ის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. ვერ მიიღო ძალიან კონკრეტული მიზეზებით, რაც ჩამოთვლილია 12 პუნქტში, რომელიც ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა. მოთხოვნებში ჩაწერილია კონკრეტული რეფორმები მართლმსაჯულების, კორუფციის, დეოლიგარქიზაციის მიმართულებით, რაც ხელისუფლებას დიდი ხნის წინ უნდა განეხორციელებინა, მაგრამ არ გააკეთა. მინდა ყველას მოვუწოდო – არ დაგაბნიოთ ხელისუფლების რუსული მეთოდების პიარ-სტრატეგიამ – დღეს თქვენ უსინდისოდ გატყუებენ, რათა სახლში დარჩეთ“, – აღნიშნა „ლელოს“ ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა.

მიუხედავად საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირობისა, რომ მმართველი გუნდი და ხელისუფლება იზრუნებდა პოლარიზაციის შემცირებაზე, პარტიის თავმჯდომარემ ოპოზიცია დღეს კვლავ მწვავედ გააკრიტიკა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს წარუმატებლობა რადიკალური ოპოზიციის ინტერესებშია. თუმცა, ამ რიტორიკის მიუხედავად, პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ მის გუნდში პოლარიზაციის დასაძლევად მზად არიან.

„რადიკალურ ოპოზიციას უხარია საქართველოს წარუმატებლობა და სწყინს მისი წარმატება, რაც არა მხოლოდ მოვლენებზე მისი რეაქციებით, არამედ ყოველდღიური ქმედებებითაც არის გამოხატული.

საზოგადოებაში ნეგატიური განწყობის შესაქმნელად, რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს „ფეიკზე“ დაფუძნებულ კამპანიას იმის შესახებ, რომ თითქოს კანდიდატის სტატუსის ამ ეტაპზე არმიღების პირობებში, საქართველომ ფინანსური და სხვა მატერიალური პრივილეგიები დაკარგა. ოპოზიციამ უნდა შეცვალოს რიტორიკა და ხმარებიდან ამოიღოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა, მაგალითად, „პრორუსული მთავრობა“, „პუტინისტური რეჟიმი“ და ა.შ. როგორც კი ამას გააკეთებენ, მაშინვე ისინი გადადგამენ ამით პირველ ნაბიჯს დეპოლარიზაციისკენ, თუმცა მე ამის მზაობას ვერ ვხედავ“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი გამოსვლის დიდი ნაწილი სწორედ პოლარიზაციის დაძლევის შესაძლებლობებს უკავშირდებოდა. მანვე ვრცელი კომენტარი გააკეთა ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე – არ მიენიჭებინათ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ საქართველომ მიიღო ის, რაც დაიმსახურა. თუმცა, მოხარულია, რომ ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, საქართველოს ევროპაში კარი გაუღეს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend