მთავარიგადაცემებიGreen Geekრუმინეთის უნიკალური ტყეები უკანონო ჭრის შედეგად ნადგურდება

რუმინეთის უნიკალური ტყეები უკანონო ჭრის შედეგად ნადგურდება

რუმინეთის ტყეები, ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით,  ევროპაში ყველაზე ძვირფასად ითვლება. მაგრამ მათი ფართობი თანდათან მცირდება ხე-ტყის უკანონო ჭრის გამო.

გაბრიელ პეუნი, არასამთავრობო გარემოსდამცველი  ორგანიზაცია AGENT GREEN-ის პრეზიდენტი:

„რუმინეთში უამრავი ადგილია, რომლებიც სრულად განადგურდა. ზოგი მთა გაუდაბურებული და მოშიშვლებულია.  არის ადგილები, სადაც ეროზიაა დაწყებული და ბუნება საკუთარ თავს დამოუკიდებლად ვერ უშველის. ასეთი ადგილებია ფეგერაში,  მარამურეში და დომოგლედის ეროვნულ პარკში. ეს კატასტროფაა.“

რუმინეთში ხელუხლებ და გაუკაფავ ტყეებს 500 ათასი ჰექტარი უკავია, რითაც ევროკავშირის ყველა სხვა ქვეყანას აღემატება. თეორიულად, ამ ტყეების 63 პროცენტი  დაცული ტერიტორიების ქსელ  Natura 2000-ში შედის, თუმცა სინამდვილეში ქვეყანაში სულ სხვა სურათია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოქმედი რუმინეთის გარემოსდაცვითი კანონმდებლობა არ შეესაბამება  ევროკავშირის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს.

ხეების ექსპლუატაცია დასაშვებია პროექტ   Natura 2000-ის ფარგლებში დაცულ ტყეებშიც. თუმცა რუმინეთის დედაქალაქიდან სულ რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ ტყეში მეტყევეები, რომლებსაც სახელმწიფო უხდის ფულს, ჯერ ჭრიან ხეებს და მხოლოდ შემდეგ აწარმოებენ შეფასებით კვლევებს.

ბარნა ტანჩოსი, გარემოს, წყლისა და ტყის მინისტრი:

„სამწუხაროდ, წინა წლებში ძალიან დიდ ფართობებზე ჭრიდნენ ხეებს უკანონოდ. ასობით ჰექტარზე უკანონო ჭრის გამო რუმინეთის წინააღმდეგ დარღვევებზე  საქმე აღიძრა. თუმცა ახლა მასშტაბური უკანონო ჭრა აღარ ხდება.“

მრავალწლიანი ქაოსის შემდეგ რუმინეთის  ტყეების მხოლოდ ერთ მეხუთედში  შემორჩა დიდი ხნის ხეები.

გაბრიელ პეუნი, არასამთავრობო გარემოსდამცველი  ორგანიზაცია AGENT GREEN-ის პრეზიდენტი:

„რაც შეეხება ბიომრავალფეროვნებას, ეს ხეები ფასდაუდებელია. ეკონომიკური  კუთხით კი ასეთი ხის ფასი სულ მცირე 10 ათასი ევროა.“

რუმინეთის მთავრობა აღიარებს, რომ ტყის უკანონო ჭრა დიდი პრობლემაა, თუმცა ირწმუნება, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

სორინ ბანჩიუ, გარემოს, წყლისა და ტყის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი:

„ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ კომპანიები იპარავენ ძვირფას ხე-ტყეს და ყიდიან.  ეს სოციალური ფენომენია. ბოლო სტატისტიკის მიხედვით, სამ მილიონზე მეტი ოჯახი ცეცხლით თბება. სოფლებში ხალხი, რომლისთვისაც გასათბობი საშუალება ცეცხლია, არ აქცევს ყურადღებას აქვს, თუ არა ოფიციალური საბუთი იმ შეშას, რომელიც მათთან მიაქვთ.“

რუმინეთის გაუკაფავი ტყეები უნიკალურია მთელ ევროპაში. იქ უამრავი სახეობის ცხოველი და მცენარე გვხვდება. გარდა ამისა, მათი წყალობით კლიმატის ცვლილება ნაკლებად იგრძნობა. მაგალითად, ბუქარესტის მახლობლად ტყეში ჰაერის ტემპერატურა 10 გრადუსით დაბალია, ვიდრე ქალაქში.

ავტორი: მაია ბონდიჩი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend