რუსეთიდან ბუნებრივი აირის შემცირების გამო ქვანახშირი მოულოდნელად ისევ მოთხოვნადი საწვავი გახდა ავსტრიასა და გერმანიაში.
ელექტროენერგიის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ავსტრიაში, ქალაქ გრაცთან ახლოს მდებარე ელექტროსადგურში ელექტროენერგიის საწარმოებლად ქვანახშირის გამოყენებას აპირებენ. ბოლოს ქვანახშირი ამ ელექტროსადგურზე 2020 წლის მარტში გამოიყენეს.
ავსტრიის გარემოს დაცვის მინისტრი ლეონეორე გევესლერი ამბობს, რომ ისინი ქვანახშირის ელექტროსადგურის განახლებას გეგმავენ, რათა საგანგებო სიტუაციების დროს, ელექტროენერგიის მიწოდება არ შეფერხდეს.
მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ახლა მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება დროულად იქნეს მიღებული, რადგან სადგურის ტექნიკურ განახლებას შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრ რობერტ ჰაბეკსაც, ავსტრიელი კოლეგების მსგავსად, სურს, დროებით ამუშავდეს ქვანახშირის ელექტროსადგურები, მიუხედავად გარემოს დამცველი ჯგუფების წინააღმდეგობისა.
რობერტ ჰაბეკი აღნიშნავს, რომ ეს არ არის საუკეთესო ვარიანტი, თუმცა ამ მომენტში სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. ჰაბეკმა განაცხადა, რომ მათი მიზანი ზამთრისთვის მარაგის შევსება და ბუნებრივი აირისა და ენერგორესურსების მოხმარების შემცირებაა.