მთავარი საქართველო სოციალური ექსპერიმენტი - პლასტმასით სავსე ყუთი

სოციალური ექსპერიმენტი – პლასტმასით სავსე ყუთი

ცოტა ხნის წინ ანას სახლთან ნაგვის ახალი კონტეინერი გამოჩნდა წარწერით: „შეუერთდი ევროპულ ოჯახებს, გადაამუშავე პლასტმასის ბოთლები.“

როგორც ანა მელიშვილი ამბობს, მას შემდეგ, რაც ეს ურნა დადგეს, ისიც და მისი მეზობლებიც ზედმიწევნით იცავენ მასზე დატანილ მითითებებს და ყუთში მხოლოდ პლასტმასის ნარჩენების ყრიან.

„ახალი ჩამოსული ვარ იტალიიდან, სადაც შეჩვეული ვიყავი ნაგვის სეპარირებას სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით და ძალიან გამიხარდა, რომ საქართველოშიც ჩემს სახლთან ასეთი ყუთი დამხვდა“, – ამბობს ანა.

ახალი ინიციატივა ანას უბნელებსაც ძალიან მოსწონთ.

„მოსახლეობამ ძალიან მალე აუღო ალღო ახალ ინიციატივას. უკვე სამეზობლოში ვერც კი ნახავთ ადამიანს, რომელიც პლასტმასის ბოთლებს სხვა ნაგავთან ერთად ყრის“, – აღნიშნავს ნანა ბაგრატიონი.

„მივესალმები მსგავს ნებისმიერ პროექტს, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ინფრასტრუქტურა აკლია ამ ქალაქს. რა თქმა უნდა, მოსახლეობის გათვითცნობიერებულობასთან ერთად“, – წუხს ქეთი გელაძე.

კონტეინერები გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერიმენტის ნაწილია. ორგანიზაციამ თბილისსა და ბათუმში ქცევითი ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლის ფარგლებში, ამ ქალაქების რამდენიმე უბანში პლასტიკური ნარჩენების შესაგროვებლად 40 გამჭვირვალე კონტეინერი განთავსდა.

გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის ნიკ ბერესფორდის განცხადებით, ექსპერიმენტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

„თუკი ასეთი ინფრასტრუქტურა იარსებებს, ეს დაგვეხმარება ავამაღლოთ ეკოსისტემის ხარისხი, და უფრო მარტივი ხდება მყარი ნარჩენების გადამუშავება. ამასთანავე, უფრო ჯანსაღი გარემო იქმნება“, – თქვა ნიკ ბერესფორდი.

პლასტმასის ნარჩენებით გარემოს დაბინძურების პრობლემა მთელ მსოფლიოში დგას. განსაკუთრებით მწვავეა იგი საქართველოში.  ნარჩენების მართვის ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრის, ანა ცხადაძის განცხადებით, ნარჩენების გადამუშავება ერთ-ერთი საუკეთესო გზაა გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლაში.

“პლასტმასით ყველაზე მეტად ბინძურდება გარემო, თუმცა ამასთანავე, იგი მარტივად გადამუშავდება. სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობდა პლასტმასის შეგროვებას, მის სეპარირებასა და გადამუშავებას“,  – წუხს ანა ცხადაძე.

გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გასულ წლებთან შედარებით, ნარჩენების დახარისხებისა და გადამუშავების შესახებ მოსახლეობის ცნობიერება ამაღლდა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში ისინი მზად არიან ზედმიწევნით დაიცვან ახალი წესები.

ნინი დვალიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend