მთავარისაქართველოითავსებს თუ არა ტურისტულ-რეკრეაციულ ფუნქციას "თბილისის ზღვა"

ითავსებს თუ არა ტურისტულ-რეკრეაციულ ფუნქციას “თბილისის ზღვა”

ზაფხულის დადგომასთან ერთად, თბილისში ყველას ახსენდება „თბილისის ზღვის“ სახელით ცნობილი უზარმაზარი წყალსაცავი… მათ, ვისაც დედაქალაქიდან გასვლისა და კურორტებზე, ან საზღვარგარეთ დასვენების საშუალება არ აქვს. აინტერესებთ ძირითად დანიშნულებებთან ერთად, ითავსებს თუ არა ხელოვნური ტბა ტურისტულ-რეკრეაციულ ფუნქციას.

ქალაქმგეგმარებელი ირაკლი ჟვანია ამბობს, რომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიას დიდი პოტენციალი აქვს, როგორც დასასვენებელ ადგილს. თუმცა იმისათვის, რომ ეს პოტენციალი გამოჩნდეს და დასვენებისათვის შესაფერისად  უზრუნველყოფილი სივრცეები გაჩნდეს,  უამრავი სამუშაოა ჩასატარებელი.

“თბილისის ზღვას ნამდვილად აქვს დიდი პოტენციალი. მაგრამ, ამ ყველაფერს სჭირდება სიღრმისეული კვლევა. ამ კვლევამ უნდა გვაჩვენოს, რა მდგომარეობაა წყალსაცავში ეკოლოგიის მხრივ. უნდა გაირკვეს ფსკერის, წყლის სისუფთავისა თუ დაბინძურების ხარისხი. ამის შემდგომ, უნდა განისაზღვროს შესაბამისი ღონისძიებები და პროექტები. არ არის აუცილებელი მთელი სანაპირო ზოლი ტურისტული მიმართულებით იქნას ათვისებული, თუმცა დიდი ტერიტორიის გამოყენებაა ამ მხრივ შესაძლებელი. თავისუფლადაა შესაძლებელი, მოეწყოს ზღვამდე ფეხით მისასვლელი ბილიკები, თემატური პარკები, ბაღები… მთლიანობაში ამ ყველაფერს დიდი მუშაობა და ფინანსები დასჭირდება“, – მიიჩნევს ქალაქმგეგმარებელი ირაკლი ჟვანია.

თბილისის მოწყობისა და განაშენიანების ახალ გენერალურ გეგმაში, არაფერია ნათქვამი თბილისის წყალსაცავის სანაპირო ზოლისა თუ მიმდებარე ტერიტორიების ათვისების კონკრეტულ გეგმებთან დაკავშირებით.

თბილისის მუნიციპალიტეტის დაკვეთით შედგენილი გენგეგმის თანაავტორი გიორგი აბაშიძე ამბობს, რომ თბილისის ზღვის ნაწილი ტურისტული თვალსაზრისით გამოსადეგია. საცხოვრებელი სახლებით განაშენიანებისთვის კი დაუშვებელი. მისივე თქმით, ამ წყალსაცავს უამრავი დანიშნულება აქვს და ადამიანების უხეში ჩარევით ეს ფუნქციები შესაძლოა მოიშალოს.

„თბილისის ზღვის განვითარების კონკრეტული პროექტი ან გეგმა ქალაქის გენგეგმაში არ არსებობს. გენგეგმაში მას მინიჭებული აქვს კონკრეტული დანიშნულება უბრალოდ. ის არის და უნდა იყოს თბილისის მნიშვნელოვანი შემადგენელი. თუმცა, ამ ტერიტორიის სამშენებლო მიმართულებით განვითარება დაუშვებელია. არც ტურისტული ათვისების მხრივ ვხედავ დიდ მიზანს. რა თქმა უნდა ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ტბა და მას არ აქვს ბუნებრივი თვითწმენდი შესაძლებლობა. დაწყებულია მისი დაჭაობების პროცესი, რადგან მისი ფსკერის დიდი ნაწილი ბეტონს უჭირავს. ამიტომ, ნებისმიერი ფორმით ადამიანების ჭარბი დაინტერესება, მისი ძირითადი ფუნქციების დარღვევას გამოიწვევს“, – ამბობს გიორგი აბაშიძე.

თბილისის ზღვის ტურისტული თვალსაზრისით ათვისებაზე დეტალურად არაფერს ამბობს ქალაქის მერი კახა კალაძე. თუმცა, იგი საუბრობს, განაშენიანებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მერიის პოზიციაზე.

„თბილისის ზღვის ქაოტურად გამოყენება ან განაშენიანება კატეგორიულად მიუღებელია. დიდი მოცულობით მიწის ფართობი კერძო მფლობელობაშია და ამასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული პრობლემები. ჩვენ რა თქმა უნდა მივცეთ გარკვეულწილად განვითარების შესაძლებლობას უკვე არსებულ დასახლებებს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც განაშენიანების დეტალები სრულად დაზუსტდება. სწორად უნდა მოხდეს ამ ტერიტორიის განვითარება. ელემენტარული, უნდა არსებობდეს საკანალიზაციო სისტემა. თუ ეს ყველაფერი არ მოგვარდა, იქ მშნებლობის სრულფასოვნად განვითარება ვერ მოხდება“, – ამბობს კახა კალაძე.

თბილისის წყალსაცავის ეკოლოგიური მდგომარეობის არასათანადო შესწავლის მიუხედავად, ხალხი მას მაინც იყენებს ცურვისთვის და მზის აბაზანების მისაღებად.

ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გასართობი ობიექტებია განლაგებული, წყალსაცავზე კი იალქნიანი და მოტორიანი ნავები დაცურავენ.

წყალსაცავის მიმართ ინტერესი დიდია, მაგრამ ამის მიუხედავად, მისი მასშტაბური ათვისების შესახებ სრულფასოვანი გეგმა ჯერჯერობით არც სახელმწიფოს გააჩნია და არც კერძო სექტორს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend