ლონდონსა და ბრიუსელს შორის დაძაბულობა იზრდება, რადგან დიდი ბრიტანეთის მთავრობა ბრექსიტის შემდგომი შეთანხმებიდან, რომელიც ევროკავშირთან 2019 წელს გაფორმდა, ზოგიერთი პუნქტის ამოღებას გეგმავს. საფრთხის შემცველია ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლის ცალმხრივად შეცვლა იმ მიზეზით, რომ ბრიტანეთიდან უფრო მარტივად გაიტანონ გარკვეული პროდუქტები ჩრდილოეთ ირლანდიაში.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასი ამბობს, რომ ბრიტანეთი მზად არის ევროკავშირთან მოლაპარაკებებისთვის, უფრო მეტიც, მათ ურჩევნიათ, პრობლემა სწორედ მოლაპარაკებების გზით გადაჭრან. თუმცა ევროკავშირი უარს აცხადებს იმ პროტოკოლის შეცვლაზე, რომელიც პრობლემებს უქმნის ვაჭრობას, გადასახადების სისტემასა და ზოგადად მთელ ჩრდილოეთ ირლანდიას.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მაროშ შეფჩოვიჩი აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო კანონის დარღვევაა.
მისი აზრით, პროტოკოლთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ არის რეალური. იგი ჯერჯერობით ვერ ხედავს გამოსავალს. მას მიაჩნია, რომ ნებისმიერი შემდგომი მოლაპარაკებები მხოლოდ დამატებით სამართლებლივ გაურკვევლობას გამოიწვევს ჩრდილოეთ ირლანდიის ხალხისა და ბიზნესისთვის. სწორედ ამიტომ არ აპირებს ევროკავშირი მოლაპარაკების გამართვას.
საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მაიკლ მარტინმაც, რომელიც არ ეთანხმება ბრიტანეთის მთავრობისა და ზოგიერთი მინისტრის მოსაზრებას, რომ ევროკავშირი მოუქნელია. მისი თქმით, ევროკავშირი გასული წლიდან საკმაოდ აქტიურია და ცდილობს, გამონახოს გამოსავალი პროტოკოლის საკითხთან დაკავშირებით.
პროტოკოლის მიზანია, თავიდან აიცილონ ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის საზღვრის აღდგენა. ევროკავშირში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში წარადგენენ ახალ შეთავაზებებს იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც პროტოკოლის შედეგად წარმოიშვა.