მთავარისაქართველოეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომლები სამართლებრივ დავას იწყებენ

ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომლები სამართლებრივ დავას იწყებენ

სახელმწიფო მუზეუმებში, მასშტაბური რეორგანიზაციის შემდეგ სამსახურიდან დათხოვნილი სპეციალისტები ეროვნულ მუზეუმთან შეიკრიბნენ.

თუმცა, არა საპროტესტო აქციაზე.

მუზეუმის ადმინისტრაციასთან შიდა დავას იწყებენ და კოლექტიური წერილით მიმართავენ. ამბობენ, რომ სასამართლოში სარჩელის შეტანამდე, ეს გზა თანმიმდევრულად და ერთად დგომით უნდა გაიარონ.

სამსახურიდან გაშვებული ნიკოლოზ წიქარიძე, რომელიც ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი მეცნიერი იყო, ახლა მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარეა. სწორედ ის უდგას სათავეში კოლეგების უფლებების დაცვის პროცესს.

„რაც მუზეუმების თავს ხდება, ამას დავარქმევდი წარმატებული ინსტიტუციის ჩამოშლის მცდელობას. რათა მისი კონტროლი ადმინისტრაციული თვალსაზრისით იყოს უფრო იოლი. უნდა სამეცნიერო ელემენტები ჩამოაშორონ მუზეუმებს. ჩვენ შიდა რესურსის გამოყენება ვცადეთ. არ გამოვიდა არც ერთი მცდელობა. შემდეგ შეხვედრა მოვითხოვეთ და არ ეს შედგა. მოკლედ, ყველა მცდელობა გვქონდა ცივილურად კომუნიკაციის, თუმცა უშედეგოდ. ახლა ვაპირებთ სამართლებრივ დავას. ჯერ შეგვაქვს წერილი შიდა დავებისთვის ადმინისტრაციასთან, ხოლო ამის შემდეგ პროფკავშირის სახელითაც და ინდივიდუალურად დავიწყებთ სასამართლოში დავას“, – აცხადებს ნიკოლოზ წიქარიძე.

თეა შელია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ჯერ კიდევ მოქმედი თანამშრომელია. აღწერს იმ ვითარებას, რომელიც გამოცდილი კადრების სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ შეიქმნა მუზეუმში. ამბობს, რომ პროექტები შეფერხებულია და რომ თავადაც გათავისუფლების მოლოდინი აქვს.

„როდესაც ახალი დირექცია დაინიშნა, მალევე დატრიალდა ცნობილი ამბები. ჩვენ, თანამშრომლებს გვქონდა ამის მოლოდინი, თუმცა ამ მასშტაბით ვერ წარმოვიდგენდით. პირდაპირ გეუბნებით, არანაირი დასაბუთება არ გვაქვს. უკვე ისეთი პროცესები დაიწყო, რომ ვბორძიკობთ, ვერც წინ მივდივართ და ვერც დაწყებულ პროექტებს ვასრულებთ ამ ხალხის გარეშე. გაჭედილია და ბუნდოვანია უამრავი პროექტი, მათ შორის გაურკვეველია საერთაშორისო პროექტის ბედი. გვეშლება ექსპედიციებიც. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვინმე შეუცვლელია. არა, უბრალოდ ყველაფერს დიდი დრო სჭირდება. ამ მეცნიერებს, რომლებიც ასე მოულოდნელად გაუშვეს, ვერ მოუძებნი პროფესიულ და დისციპლინურ წუნს. ეს მეცნიერებაა. ამ ხალხმა თავიანთი საქმისთვის თავი გადადო“, – ამბობს თეა შელია.

ნინო ჯაყელი კი ამავე მუზეუმის უკვე ყოფილი თანამშრომელია. ამბობს, რომ გათავისუფლების მიზეზი მისთვის გაუგებარია. მიმდინარე რეორგანიზაციას, გამოცდილი არქეოლოგი, რეპრესიულ მეთოდს უწოდებს.

„მუზეუმში, არავინ აღარაფერი აღარ იცის. რა უნდა გააკეთონ, როგორ… ვინ რას აკეთებს, გაურკვეველია, იმდენად ქაოტურია ვითარება. ვითომ რეფორმები უნდა გატარდესო. როგორ უნდა გატარდეს რეფორმები ამ ხალხის გარეშე საინტერესოა. 1981 წლიდან ვმუშაობ მუზეუმში. ყველა მთავრობა და პროცესი გამოვიარე, მაგრამ რაც ახლა ხდება, ამის მსგავსი არაფერი მინახავს. ჩემი აზრით, ეს არის საქართველოს ეროვნული მუზეუმის, როგორც წარმატებული ინსტიტუტის ნგრევის პროცესი“, – განაცხადა ნინო ჯაყელმა.

ლიკა მამაცაშვილი წლების განმავლობაში თბილისის ისტორიის მუზეუმის დროებითი გამოფენების უფროსად მუშაობდა. არაერთი გამოფენის მასპინძელი ამბობს, რომ კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ დაწყებულ დიდ წმენდაში მოჰყვა. მისივე განცხადებით, კოლეგებთან ერთად სიმართლისთვის ბრძოლას აპირებს.

„მოსვლის პირველივე დღიდან, ეროვნულ მუზეუმს ვერაფრით ვერ იტანს საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი. ვერასოდეს ვერავითარ რეფორმას ვერ გაატარებ სპეციალისტების გარეშე. როგორ შეიძლება რეფორმა შედგეს, საუკეთესო სპეციალისტების გარეშე. ეს გაუგონარია. რა თქმა უნდა, ეს არის რეპრესიები. თან, ვიტყოდი რომ ეს არის გრძელვადიანი პროცესი და ამით არ დასრულდება. მეგონა, ყველაზე ბოლო ტალღაში მოვყვებოდი და ლამის ჩემით დაიწყო, ყველაფერი უგულებელყვეს, რაც მიკეთებია. რა თქმა უნდა ვაპირებ სამართლიან ბრძოლად და ჩემი კოლეგების გვერდით დგომას“, – აცხადებს ლიკა მამაცაშვილი.

მასშტაბურ გათავისუფლებებში პრობლემას ვერ ხედავს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე. ელისო ბოლქვაძის თქმით, მისი კომპეტენცია არ არის საკადრო ცვლილებებისას გააკონტროლოს მინისტრი. პროცესს კი რეფორმის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს.

„მივესალმები ყველა პროგრესულ იდეას და პროგრესი სამწუხაროდ, რეფორმის გარეშე ვერ ხდება. რაც კულტურის სამინისტროს და მინისტრის გადაწყვეტილებით ხდება, ეს არ არის მიზანმიმართული, პიროვნული ან რაიმე ფორმით მართული პროცესი. ეს არის ალბათ მინისტრის პრეროგატივა, რომელიც გაეცნო სიტუაციას, ამ ხალხის კვალიფიკაციას შემდგომი გეგმებისთვის, რომელმაც შეაფასა ყველაფერი და ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას. საერთოდ, პარლამენტის კულტურის კომიტეტის ლეგიტიმაციაში არ შედის კულტურის მინისტრის მიერ საკადრო ცვლილებების კონტროლი და ჩარევა. თუ, ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილებები მათი გათავისუფლების შესახებ არასწორია, შეუძლიათ მიმართონ თავად სამინისტროს, შემდეგ კი სასამართლო დავა დაიწყონ“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

ახლა სწორედ ეს ეტაპია, სამსახურიდან გათავისუფლებულები სასამართლო დავას იწყებენ და საპროტესტო აქციებს გეგმავენ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend