7 ივნისი სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეა. ეს დღე საზოგადოებას შეახსენებს, რომ სურსათის უვნებლობაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანის ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული.
სპეციალისტები ამბობენ, რომ სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად კვების ჯაჭვი ყველა ეტაპზე უნდა გაკონტროლდეს. მაგალითად, მოსავლის აღებიდან მის მოხმარებამდე.
“ევრონიუს ჯორჯიამ” მოქალაქეებს ჰკითხა, პროდუქტის შეძენისას აკვირდებიან თუ არა მის ვადას და შემადგენლობას?
პასუხები ასეთი იყო:
„ვაკვირდები აბსოლუტურად ყველა პროდუქტს რასაც ვყიდულობ, მაგრამ ხანდახან ისეთი წვრილი შრიფტით წერია ვერც ვხედავ“;
„ვაქცევ ყურადღებას ვადასაც, ხარისხსაც და შემადგენლობასაც და თუ ვერ ვერკვევი კონსულტანტს ვეკითხები“;
„ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას, თუმცა ხშირად არის ხოლმე ვადაგასული“;
„ არა, არ ვაქცევ საკვების შეძენისას ყურადღებას მავიწყდება, რომ უნდა დავხედო“;
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თითქმის 600 მილიონი ადამიანი ავადდება დაბინძურებული საკვების მიღების გამო, 420 ათასი კი იღუპება. იმავე ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ყოველ წელს 110 მილიარდი დოლარი იხარჯება მავნე საკვების მიღების შემდეგ გაწეული სამედიცინო დახმარებისთვის.
რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში?
„ზოგადი მაჩვენებელი რომ ავიღოთ საშუალოდ წლების განმავლობაში, საკვების მიერ მოწამვლის სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად 30 ათასი შემთხვევა ფიქსირდება, აქედან დიდი წილი ბავშვებზე მოდის“,- ამბობს სურსათის უვნებლობის ექსპერტი მაია კუზნეცოვა.
სპეციალისტები ასევე ამბობენ, რომ პანდემიამ სურსათის უვნებლობის თვალსაზრისითაც ბევრი რამ შეცვალა.
„უშუალოდ მომხმარებლებში შეიცვალა კულტურა ხელის დაბანის, ზედაპირების დეზინფექციის, სხვადასხვა სასურსათო პროდუქციის დამუშავების და გარეცხვის, ასე რომ ვთქვათ მეტად მორიდების კულტურა ჩამოყალიბდა“,- აღნიშნავს მაია კუზნეცოვა.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, სურსათის უვნებლობის კონტროლი საქართველოში სულ უფრო უახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს. პროგრესი არის, თუმცა მიუხედავად ამისა, მომხმარებელმა მაინც უნდა გაითვალისწინოს გარკვეული რეკომენდაციები.
„ყურდღება უნდა მივაქციოთ ერთ რამეს, თითქოს მარტივია, მაგრამ როდესაც სურსათი გვრჩება გარეთ ან მზეზე ან უბრალოდ ოთახის ტემპერატურაზე, ხშირად ასეთი საკვების მოწამვლა ხდება დაბადების დღეებზე, ქორწილებში პიკნიკებზე, მაშინ როცა ვერ ხერხდება მაგიდაზე არსებული სურსათის ჩანაცვლება, ამიტო უნდა ვეცადოთ, რომ მცირე ულუფები მივიტანოთ სუფრაზე და ხშირად ვცვალოთ“, -ამბობს პროექტების ხელმძღვანელი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში მიხეილ სოხაძე.
სურსათის უვნებლობის დღე მხოლოდ სიმბოლური შეხსენებაა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პრობლემა.
რეალურად კი ხალხი ყოველდღე უნდა ზრუნავდეს საკუთარ ჯანმრთელობაზე.
სწორედ ამიტომ, სპეციალისტები მომხმარებლებს ურჩევენ მუდამ ამოწმონ იმ საკვების ეტიკეტი, ვადა და შემადგენლობა. თუმცა ქვეყნის უვნებელი სასურსათო გარემოსათვის შესაბამისმა უწყებებმა უნდა იზრუნონ.