ბავშვთა დაცვის დღეს, პირველ ივნისს რუსეთმა უკრაინის ქალაქ ხარკივში კიდევ ერთი სკოლა დაბომბა. ეს სკოლა იმ 1937 სასწავლო დაწესებულებიდან ერთ-ერთია, რომელიც უკრაინაში 24 თებერვლიდან დღემდე განადგურდა.
კიევში ამბობენ, რომ ომის დაწყებიდან დღემდე 7 მილიონი უკრაინელი ბავშვის ბავშვობა დასრულდა. ისინი გაიზარდნენ, თუმცა არა ისე, როგორც წარმოედგინათ. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსული არმია უკრაინელ ბავშვებს იტაცებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით გადაჰყავს. მისი თქმით, მოსკოვის მიზანი ერთია – კრემლს ამ გზით სურს ახალ თაობაში უკრაინული იდენტობა მოკლას.
ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს: „ჯამში 200 ათასზე მეტი უკრაინელი ბავშვი გადაიყვანეს იძულებით რუსეთში. მათი ნაწილი ბავშვთა სახლებიდანაა, ზოგი მშობლებითაა, ზოგიც მშობლების გარეშე… ამ ხალხს რუსეთის მთავრობა რუსეთის ტერიტორიებზე ანაწილებს, ძირითადად შორს მდებარე რაიონებში გზავნის. ამ დანაშაულებრივი პოლიტიკის მიზანი არამხოლოდ ხალხის მოპარვა, არამედ მათი იძულებაა, დაივიწყონ ყველაფერი უკრაინაზე და არ ჰქონდეთ უკან დაბრუნების საშუალება“.
დღეს ბავშვები უკრაინაში ცხოვრობენ ბომბების ქვეშ, მუდმივ შიშში, ხან სარდაფებში, ხან კი მუდმივად გზაში, სახლიდან შორს… ომის სამი თვის განმავლობაში უკრაინაში უამრავი ბავშვი დაობლდა, ზოგმა საკუთარი თვალით ნახა, როგორ მოუკლეს საყვარელი ადამიანები, როგორ იძალადეს მათზე. ზოგიერთი ბავშვი ცოცხალი ვერ დაიბადა, არადა, გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციაში წერია: „ყველა ბავშვს აქვს სიცოცხლის ხელშეუვალი უფლება“. ეს ასე უნდა იყოს ომშიც…
უკრაინაში დღემდე რუსეთის აგრესიას 243 უკრაინელი ბავშვი ემსხვერპლა. თანაც, ეს არ არის ამ ტრაგედიის სრული სურათი.
ოკუპირებული რეგიონებიდან ინფორმაცია სათანადოდ არ გამოდის.
გაეროს ცნობით, დღესდღეობით 5 მილიონზე მეტი უკრაინელი ბავშვი სრულად დამოკიდებულია ჰუმანიტარულ დახმარებაზე.