მთავარი ევროპა უკრაინა ქალაქ სევეროდონეცკში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

ქალაქ სევეროდონეცკში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

უკრაინის აღმოსავლეთში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. როგორც პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, ყოველდღიურად 100 უკრაინელი მეომარი იღუპება, დაჭრილთა რაოდენობა კი  500-ს აღწევს. ამავდროულად, იგი მიესალმება შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას სარაკეტო სისტემების გადაცემასთან დაკავშირებით. მოსკოვის შეფასებით, ეს პროვოკაციული  ნაბიჯია, რომელიც საომარ მოქმედებებში დასავლეთის ჩართვას ისახავს მიზნად. რუსების შეშფოთებას არ იზიარებენ ვაშინგტონში.

რუსი სამხედროები უკრაინის აღმოსავლეთში სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ სევეროდონეცკში არიან შესული. ქალაქში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  დაღუპული მეომრების რაოდენობა ყოველდღიურად 100-ს აღწევს, დაშავებულთა კი – 500-ს.

ახლომდებარე დასახლებებში – ლისიჩანსკსა და სლოვიანკსში დაძაბულობა იმატებს. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ  რუსები მათი მიმართულებითაც დაიძრებიან.

ერთ-ერთ სამხედროს ოლეჰ ჰრიჰოროვს მიაჩნია, რომ ეს არ არის სამართლიანი ომი. რუსი სამხედროები ებრძვიან მშვიდობიან მოსახლეობას, ისინი ანადგურებენ ქალაქებს, დასახლებებს და ყველაფერს, რაც  ცოცხალია.

ადგილობრივები ჰუმანიტარული დახმარების წყალობით ახერხებენ გადარჩენას. მათ ვერც წარმოედგინათ, რომ თავშესაფარში მოუწევდათ ცხოვრება.

უკრაინის აღმოსავლეთი რეგიონი გამუდმებით იბომბება რუსული ძალების მიერ. ზელენსკი კმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის უფრო თანამედროვე სარაკეტო სისტემების გადაცემას აპირებს.

თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს ცეცხლზე ნავთის დასხმაში ადანაშაულებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეფასებით, ეს  პირდაპირი პროვოკაციაა, რომელიც დასავლეთის საომარ მოქმედებებში ჩართვას ისახავს მიზნად.

შეშფოთებას, რომ ახალი შეიარაღება ომის ესკალაციას გამოიწვევს, არ იზიარებენ შეერთებულ შტატებში. ისინი აცხადებენ, რომ კიევი ახალ სარაკეტო სისტემებს არ გამოიყენებს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ სწორედ რუსეთი დაესხა თავს უკრაინას და არა პირიქით. მისი აზრით, ესკალაციის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა, რომ რუსეთმა შეაჩეროს აგრესია და ის ომი, რომელიც მან თავად წამოიწყო.

თუკი რუსეთი სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს დაიკავებს, ეს ლუჰანსკსის რეგიონის სრულ გაკონტროლებასაც ნიშნავს, რაც ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend