მთავარი ევროპა უკრაინა მოსკოვი დანგრეულ უკრაინულ ქალაქებში რუსულ პასპორტებს არიგებს

მოსკოვი დანგრეულ უკრაინულ ქალაქებში რუსულ პასპორტებს არიგებს

რუსული სახელმწიფო მედია, ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინულ ქალაქ მელიტოპოლში მოსახლეობის მიერ რუსული პასპორტების აღების ამსახველ კადრებს ავრცელებს.

მოსკოვმა უკვე შეიმუშავა ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში მოსახლეობისათვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული და დაჩქარებული პროცედურა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მცოცავი ანექსიის ფონზე აცხადებს, რომ მისი სახელმწიფო რუსული არმიის მიერ ოკუპირებული რეგიონების დაბრუნებას აპირებს.

”ჩვენი გეგმები და მიზნები ცხადია, ოკუპირებულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ, ეს მიწა ისტორიულად და საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად ჩვენია. არ გვაინტერესებს მოსკოვი რას გეგმავს. აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე სირთულეები შესაბამისი შეიარაღების უკმარისობით არის გამოწვეული, ეს თქვენ კარგად იცით”, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სოციალ – დემოკრატი კანცლერი კი კიევისთვის ანტისაჰაერო შეიარაღებისა და სარადარო სისტემების გადაცემაზე საუბრობს.

”უკრაინას მეტ იარაღს მივაწვდით. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, კიევისთვის ჩვენს არსენალში არსებული ყველაზე თანამედროვე ანტისაჰაერო სისტემის გადაცემის შესახებ. ამ იარაღის დამსახურებით, უკრაინული ქალაქები სამხედრო საჰაერო ძალების თავდასხმისგან უკეთ იქნებიან დაცული”, – განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

კიევისთვის შეიარაღების მიწოდებას განაგრძობს ვაშინგტონიც.1 ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას საშუალო რადიუსის მქონე სარაკეტო შეიარაღებას გადასცემს.

დასავლური დემოკრატიების მიერ კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევის ფონზე, ოკუპანტები უკრაინის მიწაზე დიდი სირთულითა და დანაკარგებით წინ მიიწევენ.

სახელმწიფოს ინდუსტრიულ გულში, დონბასში მდებარე სევეროდონეცკის დაახლოებით 70 პროცენტს რუსი სამხედროები აკონტროლებენ.

მდინარის გადაღმა მდებარე ლისიჩანსკის მოსახლეობა შიშობს, რომ რუსული იარაღის შემდეგი სამიზნე მათი ქალაქი გახდება.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend