მთავარი ევროპა ავსტრია UN: საუკუნის ბოლოს შესაძლოა, ავსტრიის ყველა მყინვარი გადნეს

UN: საუკუნის ბოლოს შესაძლოა, ავსტრიის ყველა მყინვარი გადნეს

ავსტრიელი გლაციოლოგები მალე შესაძლოა სამსახურის გარეშე დარჩნენ… გაეროს განცხადებით, საუკუნის ბოლოს ალპებში ყველა მყინვარი გადნება. გლაციოლოგი ანდრეას კნიტელი ანკოგელის მთებში 35 წელია, ე.წ მუდმივ ყინულს ზომავს. ბოლო დროს მყინვარზე დამცავი თოვლის საფარი განახევრებულია.

„გაეროს უახლესი ანგარიში ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ორი ათწლეულის განმავლობაში ვზომავდით. მყინვარების გადნობის ტემპი დაჩქარებულია. აპრილის დასაწყისისთვის მყინვარზე თოვლის საფარი უკვე განახევრდა, მზე პირდაპირ ადნობს ყინულს. ამას, სავარაუდოდ, ვეღარაფერი შეაჩერებს“, – მიიჩნევს გლაციოლოგი ანდრეას კნიტელი.

გაეროს ცნობით, ნახშირორჟანგის მკვეთრი შემცირებაც კი ვერ გადაარჩენს ავსტრიის მყინვარებს. თუმცა, კნიტელი და მისი გუნდი ამ დრომდე აგრძელებენ კვლევას. იქ, სადაც სამი წლის წინ მხოლოდ საზომი ხელსაწყო გამოიყენებოდა, ახლა დრონები დაფრინავენ.

„დრონი მყინვარზე დაფრინავს და უამრავ ფოტოს იღებს. ფართო მასშტაბს ფარავს. შემდეგ კი ამ ფოტოებიდან 3D ინფორმაციის აღება და რელიეფის რეკონსტრუქციაა შესაძლებელი”, – ამბობს ტექნიკოსი და გლაციოლოგი როსა კუკი.

თუმცა ავსტრიაში ყველას არ სჯერა, რომ  მყინვარი ბოლომდე დადნება. თუ გლობალური დათბობის მაჩვენებელი 1,5 გრადუს ცელსიუსამდე დაეცემა, ყინულის რამდენიმე ნარჩენი მაინც გადარჩება, ამბობს გლაციოლოგი ანდრეა ფიშერი ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომელი.

„მართალია, მყინვარი საუკუნის ბოლოსთვის დადნება, გასათვალისწინებელია, რომ ყინულის გარკვეული ნაწილი მაინც გადარჩება”, – აღნიშნავს ფიშერი.

თუმცა მთლიანად რომც არ გადნეს მყინვარი, ამ პროცესს მაინც მძიმე შედეგები მოჰყვება. როდესაც მყინვარები აღარ იქნება, წამოსული დამდნარი წყალი მდინარეებსა და წყალსაცავებს აღარ შეუერთდება.

შესაბამისად, ასეთი ჰიდროელექტროსადგურები არაპროგნოზირებად ნალექზე იქნება დამოკიდებული. როგორ იმოქმედებს  დამდნარი მყინვარები ალპებში ელექტროენერგიის წარმოებაზე, ჯერჯერობით უცნობია.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend