მთავარისაქართველომორიგი კრიტიკა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისამართით

მორიგი კრიტიკა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისამართით

26 მაისის ღონისძიებაზე სიტყვით მიმართვისას, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული მომავლის პერსპექტივასა და შანსებზე ისაუბრა. თქვა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მათ შორის უნდა მოიხსნას კითხვები მართლმსაჯულების მისამართით.

“ სამართლიანი სასამართლო, რომელიც საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის და ეფუძნება ქართული სამართლის ძეგლებს: ეს იქნება ანტიკური ხანის ჩვეულებითი სამართალი, მე-13 საუკუნის „წიგნი სამართლისა კაცთა შეცდომისა ყოველივე“, მე-14 საუკუნის მეფე გიორგი ბრწყინვალის სისხლის სამართალს თუ ვახტანგ VI-ის სამართლის ძეგლების უნიკალური კრებული. ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ეს გამოსვლა მწვავე კრიტიკით შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა არ იცის რა თქვას დამოუკიდებლობის დღეს და რომ ის თავად ანგრევს პრეზიდენტის ინსტიტუტს.

„სირცხვილი სწორედ პრეზიდენტის განცხადება იყო – 26 მაისს, საზეიმო დღეს როცა არ იცი, რაზე უნდა ისაუბრო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. როცა საქართველოს პრეზიდენტი უერთდება სრულიად უარგუმენტო კამპანიას სასამართლო სისტემის წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, ეს არის სერიოზული პრობლემა, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, უფრო სწორად ეს ასეა, რომ ამ განცხადებით, მან სცადა სასამართლო სისტემის, ამ ინსტიტუტის რეპუტაციის დაზიანება, თუმცა, სინამდვილეში დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეს არის რეალობა. ჯერ კონტექსტი უნდა იცოდე როდის რა განცხადება გააკეთო. ეს სერიოზული პრობლემაა და სერიოზული გადახვევა იმ როლიდან რაც აქვს პრეზიდენტს, როგორც ინსტიტუტების გარანტს. თუმცა, ეს შეიძლება აღსანიშნიც არ ყოფილიყო იმ ფონზე, როცა გუშინ მან პრაქტიკულად აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოიხსენია როგორც მეზობლები და საუბარი ჰქონდა მათ სუვერენობაზე, ამ ფონზე სასამართლოსთან დაკავშირებული განცხადება არის არაფერი”, – განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტზე მორიგ თავდასხმად აფასებს ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას. მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ეს დაპირისპირება ფარსია და მხოლოდ ყურადღების გადატანას ისახავს მიზანს. პრეზიდენტს კი განცხადებების ნაცვლად, მოქმედებისკენ მოუწოდებენ.

„პრეზიდენტს მოვუწოდებდი, რომ გამოიყენოს კონსტიტუციით მისთვის გათვალისწინებული უფლებამოსილება. გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და ამით ქმედითი ნაბიჯებით უზრუნველყოს იმ ხარვეზების გამოსწორება, რაც რეალურად დღეს ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. კობახიძის ეს განცხადება არის რა თქმა უნდა მორიგი შეტევა მის ინსტიტუტზე“, – განაცხადა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

უცნობია რა გაგრძელება მოჰყვება მმართველ პარტიასა და პრეზიდენტის ინსტიტუტს შორის ახალ აზრთა კონფლიქტს, იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე კვირაში საქართველო მნიშვნელოვან პასუხს ელის ევროკავშირისგან.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend