მთავარისაქართველოირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტთან ჟურნალისტები საპროტესტო აქციით დახვდნენ

ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტთან ჟურნალისტები საპროტესტო აქციით დახვდნენ

საქართველოს პარლამენტში მისულ პრემიერ-მინისტრს მედია პროტესტით დახვდა. საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ჟურნალისტები საპროტესტო ბანერებით მივიდნენ და ამ ფორმით გამოხატეს პოზიცია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საქართველოში კრიტიკულ მედიას არ ეძლევა თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა, რაც განსაკუთრებულ დაბრკოლებას ქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.

„მაშინ, როდესაც პრემიერი მოდის იმისთვის, რომ პარლამენტის დეპუტატების შეკითხვებს უპასუხოს, ჩვენი მთავარი შეკითხვაა – ქვეყნისთვის ასეთ კრიტიკულ მომენტში, როდესაც ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ, რატომ დაამუხრუჭა და შეაფერხა ეს პროცესი მთავრობამ პოლიტპატიმრების მომრავლებით? ნიკა გვარამიას დაკავება მხოლოდ „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს არ გვტკენს გულს, ეს აზარალებს ჩვენს მომავალს“ – ამბობს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ნათია გოგსაძე.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტების გარდა, დღევანდელ აქციაზე იყვნენ სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. ისინი ამბობენ, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად ახლა განსაკუთრებული ბრძოლა უწევთ.

„ბრიუსელში ვიზიტისას პრემიერს გადასცეს პრობლემების ჩამონათვალი, სადაც საუბარია ნიკა გვარამიას დაკავებაზე, 5 ივლისზე, გამოუძიებელ საქმეებზე, მედიის თვალთვალზე. სხვადასხვა საერთაშორისო შეფასებაც აჩვენებს, რომ მედიის თავისუფლების ხარისხი ქვეყანაში კრიტიკულ ზღვარზეა. ზუსტად ამან განაპირობა ის, რომ ჩვენ დღეს ნიუსრუმებიდან გამოვედით და ვდგავართ აქ, იმიტომ რომ გამოხატვის თავისუფლებას ვერ დავთმობთ“ – ამბობს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი.

მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი პროტესტი ნიკა გვარამიას გათავისუფლებამდე არ შეწყდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend