დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ერთიანი ტრიბუნიდან საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის პირველმა პირებმა მიმართეს. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროინტეგრაციის გზაზე არსებული რეალური შანსი საქართველომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვას ხელიდან და ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
“ევროპის გზაზე ისტორიული შესაძლებლობა გაჩნდა. ეს გზა ევროპისკენ არ გახსნილა უსისხლოდ და მსხვერპლის გარეშე. ჩვენმა წინაპრებმა ეს გზა გაკაფეს! ჩვენი საუკუნოვანი მისწრაფება ეფუძნებოდა იმ შეგნებას, რომ საერთო ფასეულობები გვაერთიანებდა და გვაკავშირებდა ევროპულ ცივილიზაციასთან და მაშინ, როცა ქართულ რწმენას, იდენტობას და ფასეულობებს ვიცავდით, რიგი დამპყრობელი იმპერიებისგან, ამ დროს ჩვენ ევროპასაც ვიცავდით. ეს საერთო ფასეულობები მოიცავდა ყველაფერს, რაც დღეს ჩვენი ევროპული მომავლის გასაღებს წარმოადგენს, ანუ 4 მთავარი ფასეულობა და პრინციპი:
1) სამართლიანი სასამართლო, რომელიც საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის და ეფუძნება ქართული სამართლის ძეგლებს.
2) ქართული კულტურის ქვაკუთხედად მიიჩნეოდა, ის რაც ევროპისთვისაც განმსაზღვრელ ფასეულობას წარმოადგენდა – შემწყნარებლობა და მრავალფეროვნება. დღესაც, ამ ტრადიციის გაგრძელება გვევალება ჩვენც და ევროპასაც.
3) ევროპასა და საქართველოს ქრისტიანობა ერთნაირად გვკარნახობდა, ადამიანის სამყაროს ცენტრად აღიარებას და მაშასადამე, მისი ყველა უფლების პატივისცემას და დაცვას. და ადამიანს რომ ვამბობ, ქალს ვამბობ. ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე, ესეც დღის წესრიგში დგას.
4) დაბოლოს, ძალაუფლების დაბალანსება ავტორიტარიზმის ცდუნების ასაცილებლად. თამარ მეფის XII საუკუნეს უკავშირდება პირველი მონახაზი აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების დაყოფა და დაბალანსება, „კარავი“-ს და „დარბაზი“-ს სახით, რაც ქართული პარლამენტარიზმის ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნევა.
ამგვარად კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ამ ღირებულებების დაცვა არც სხვისი ნაკარნახები ნების შესრულებაა, არც გაუცხოების და იდენტობის დაკარგვის საფრთხეა, არამედ პირიქით – ევროპის გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯებით სიარული, საკუთარ თავთან დაბრუნებას უდრის. ამიტომ არის, რომ შემეცნებით თუ ინტუიციურად, ამ გზას მხარს უჭერს მთელი საზოგადოება და ეს მხარდაჭერა წლების მანძილზე არათუ შენელდა, არამედ გაძლიერდა.
დღეს, პირველად რეალური შანსი გაჩნდა. ამ შანსის ხელიდან გაშვებას, არც ამ მიზნის ირგვლივ შეკრული სამოქალაქო საზოგადოება, არც ჩვენი წინაპრების სულები, არც მომავალი თაობები არ გვაპატიებენ. სამაგიეროდ ამ გზაზე წარმატების მიღწევას ვინც შეძლებს, ყველა დაიმკვიდრებს ქართულ ისტორიაში უნიკალურ ადგილს და დაფასებას. არჩევანი თქვენია! არჩევანი ჩვენია!“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის გამოსვლაში მთავარი აქცენტები მისი პრემიერობის დროს ევროკავშირთან დაახლოების მხრივ მიღწეულ წარმატებებზე გააკეთა.
ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს წილად მხვდა პატივი, ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. დღეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის სანდო და ერთგული მოკავშირეა და ყველა აღიარებს, რომ საქართველოს მართლაც გამორჩეული ლიდერობა აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანათა შორის, ასევე ე.წ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის.
დღეს საქართველო ევროპისაგან ელის ბრძნულ, შორსმჭვრეტელ, პოლიტიკურად გამართლებულ და რაც მთავარია, სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენი ისტორიული მისწრაფებების, დაუღალავი ძალისხმევის, ინტეგრაციის პროცესში შესრულებული ვალდებულებებისა და გატარებული რეფორმების შესაბამის აღიარებას“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ევროპულ მომავალსა და განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მათი თქმით, საქართველო ახლა ევროკავშირისგან წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით, დადებითი პასუხის მოლოდინშია.
„ევროკავშირთან დაახლოების გზაზე საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში ისტორიული ნაბიჯები გადადგა, იშრომა და იბრძოლა ევროპული მომავლისთვის. მათ შორის, გადავდგით მთავარი ნაბიჯი – ჩვენ ოფიციალურად შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. საქართველო დასავლური ცივილიზაციის, ევროპული კულტურის და ისტორიული სივრცის შექმნის თანამონაწილე და განუყოფელი ნაწილია. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლების დაცვასა და განმტკიცებას, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, სახელმწიფოსი, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიბრუნებს ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
უმაღლესი თანამდებობის პირების სიტყვით მიმართვა, ახალწვეულების მიერ სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალის შემდეგ გაიმართა.
ალეკო გვეტაძე