26 მაისი, მხოლოდ წარსულის გაცოცხლების დღე არაა და არც ჩვეულებრივი დღესასწაულია, ეს დაფიქრების და გააზრების დღეა! დღე, როცა ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ და ჩვენს თავს ვკითხოთ, ნუთუ ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც ესაჭიროება ამ ქვეყანას, მის მომავალს, მოსახლეობის კეთილდღეობას, მის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც პრეზიდენტის აღნიშნავს, 26 მაისს ქართველმა ერმა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება.
„ძვირფასო თანამემამულენო! გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულად გილოცავთ თქვენ, ვინც დღეს სამშობლოს წინაშე ფიცს დებთ. საქართველოს სამხედროებს ახასიათებდა ბრძოლის უნარი, პასუხისმგებლობა, თავგანწირვა და ფიცისადმი ერთგულება! დღეს, თქვენ ამგვარი ღირსეული სამხედრო ისტორიის ნაწილი გახდით და ამ ტრადიციას ღირსეულად გააგრძელებთ. თქვენ იცით და კარგად აცნობიერებთ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა ადვილი საქმე არაა და ღირსებასა და თავდადებას მოითხოვს.
26 მაისს ქართველმა ერმა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება; ამგვარად, ქართველმა ერმა, ერთხელ და სამუდამოდ, უარი თქვა სხვა ქვეყნის ნაწილად ყოფნაზე, მონობაზე.
26 მაისი, მხოლოდ წარსულის გაცოცხლების დღე არაა და არც ჩვეულებრივი დღესასწაულია, ეს დაფიქრების და გააზრების დღეა! დღე, როცა ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ და ჩვენს თავს ვკითხოთ, ნუთუ ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც ესაჭიროება ამ ქვეყანას, მის მომავალს, მოსახლეობის კეთილდღეობას, მის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.
ეს კითხვა ყველამ თავის თავს უნდა დაუსვას, ყველა მოქალაქემ, ამ ქვეყნის ყველა შვილმა, აქ თუ საზღვრის მიღმა მცხოვრებმა. რამეთუ, დამოუკიდებლობა სწორედ ამას ნიშნავს, ჩვენს ხელშია ჩვენი შვილების მომავალი! ამ პასუხისმგებლობას ვერავინ აირიდებს. თუმცა, ეს დაფიქრება, ცხადია, უფრო ჩვენ გვევალება, ვინც ტრიბუნის აქეთ მხარეს ვდგავართ, რამეთუ მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ეს პასუხისმგებლობა მეტად გამძაფრებულია, რამეთუ საქართველო კიდევ ერთხელ დგას, როგორც საკუთარი ისტორიის არაერთ გადამწყვეტ მომენტში, გზაგასაყარზე. ჩვენ წინაშე ახალი შესაძლებლობების და ახალი გამოწვევების დრო დადგა, ეს ჩვენგან, სიფრთხილესთან ერთად, ითხოვს გარკვეულ პასუხებს, მზადყოფნას, შორსმჭვრეტელობას, მომავლის ხედვას და გამბედაობას. მოითხოვს, პირველ რიგში – და ამას იმდენჯერ ვიტყვი, რამდენჯერაც საქმეს დასჭირდება – ერთიანობას“,- აღნიშნავს პრეზიდენტი.