ესპანეთში გასულ უქმეებზე ტემპერატურამ მკვეთრად მოიმატა და 15 გრადუსით ასცდა სეზონის საშუალო მაჩვენებელს. წლევანდელი მაისი შესაძლოა საუკუნის განმავლობაში ყველაზე ცხელი თვე გამოდგეს. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურამ 44 გრადუსს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, ესპანეთში ყოველწლიურად 2000 ადამიანი იღუპება ტემპერატურის მატების გამო. სითბური ტალღები უარყოფითად აისახება იმ ადამიანებზე, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. სიცხე განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე პირებზე მოქმედებს.
როგორც ვარაუდობენ, მომდევნო წლებში ევროპის სამხრეთ ნაწილში უფრო ძლიერი სიცხეებია მოსალოდნელი.
ესპანეთის მეტეოროლოგიური სააგენტოს სპიკერი რუბენ დელ კამპო ამბობს, რომ ევროპის სამხრეთითაც ისეთი კლიმატი იქნება, როგორიც ჩრდილოეთ აფრიკაშია. მისი თქმით, სავარაუდოდ, 21-ე საუკუნის შუა პერიოდში უფრო ხშირად იქნება გვალვა. შესაბამისად, ტემპერატურაც უფრო მაღლა აიწევს. მაგალითად, ესპანეთის ქალაქ ლა-კორუნიაში, სადაც შედარებით გრილი ზაფხული იცის, ისეთი კლიმატი იქნება, როგორიც მაროკოს ქალაქ კასაბლანკაშია ხოლმე.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ტემპერატურა უფრო ხშირად მოიმატებს და, შესაბამისად, მისი შედეგებიც მთელ მსოფლიოზე აისახება.