შვედეთმა და ფინეთმა ოფიციალურად წარადგინეს მოთხოვნა, ნატოში გაწევრების შესახებ, მაგრამ რამდენიმე საათში სკანდინავიური ქვეყნების სურვილი ალიანსში დაჩქარებული წესით მიღების შესახებ, თურქეთმა დაბლოკა.
თურქეთის ხელისუფლება, შვედეთსა და ფინეთის მთავრობებს ადანაშაულებს, ქურთული სამხედრო დაჯგუფებების წევრებისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაში, ანკარა მათ ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.
მანამდე პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შეშფოთება თურქ დეპუტატებს გაუზიარა.
„ნატოს გაფართოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რამდენადაც ისინი პატივს სცემენ ჩვენს ინტერესებს. სულ მცირე, არათანმიმდევრულია იმის თქმა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს ყველა სახის მხარდაჭერას უცხადებენ და ამავდროულად გვთხოვენ მხარდაჭერას ნატოში წევრობისთვის”, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ამასთან, ნატოში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით, შეშფოთება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან გამოთქვა.
“თურქეთი მხარს უჭერდა ნატოს ღია კარის პოლიტიკას ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე. მაგრამ, რაც შეეხება ამ შესაძლო კანდიდატ ქვეყნებს. ჩვენ გვაქვს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წუხილი. ეს ქვეყნები მხარს უჭერენ ტერორისტულ ორგანიზაციებს”, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კი კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთთან მჭიდრო თანამშრომლობა.
“თურქეთი და ყველა ჩვენი მოკავშირე მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას. და ჩვენ გვსურს დავინახოთ, რომ რუსული აგრესია სრულდება. მადლობელი ვარ იმ სოლიდარობისთვის, რომელიც ჩვენ გამოვავლინეთ და რომელიც თურქეთმა გამოავლინა ამ ძალისხმევაში”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
ნატოს გაფართოებას მხარი ალიანსის 30-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს, რასაც შესაძლოა ერთი წელი დასჭირდეს. მანამდე კი შვედეთი და ფინეთი, რომლებსაც რუსეთთან საერთო საზღვარი აქვთ, თავს დაუცველად გრძნობენ.