მთავარიევროპაუკრაინარა ელით „აზოვსტალიდან“ გამოყვანილ უკრაინელ მეომრებს?

რა ელით „აზოვსტალიდან“ გამოყვანილ უკრაინელ მეომრებს?

უკრაინაში “აზოვსტალიდან” გამოყვანილ მეომრებს გმირებს უწოდებენ, რუსეთში კი –  დამნაშავე ნაცისტებს. ჯერ გაურკვეველია, რა ბედი ელის ახლა იმ ასობით უკრაინელ ჯარისკაცს,  რომლებმაც გუშინ, 17 მაისს მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაში რამდენიმეკვირიანი წინააღმდეგობის შემდეგ იარაღი დაყარეს. ისინი რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიყვანეს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს,  რომ მათ რუს ტყვეებში გაცვლიან. თუმცა რუსეთის ზოგიერთი ოფიციალური პირი ამბობს,  რომ ისინი შესაძლოა გაასამართლონ და სიკვდილითაც დასაჯონ.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ჰანა მალიარს მიაჩნია, რომ ეს რუსების პოლიტიკური განცხადება და ერთგვარი პროპაგანდაა, რომელიც შიდა პოლიტიკური  პროცესებიდან მომდინარეობს. უკრაინის წარმომადგენლები კი ისინი კვლავ აწარმოებენ როგორც მოლაპარაკებებს, ისე სამაშველო ოპერაციებს.

როგორც ჩანს, რუსეთის პარლამენტში, დუმაში, არ სურთ, რომ „აზოვსტალიდან“ გამოყვანილი მეომრები რუს ტყვეებში გაცვალონ.  სავარაუდოდ, იგივე პოზიცია აქვს რუსეთის დუმის სპიკერსაც ვიაჩესლავ ვოლოდინს. მისი აზრით, ნაცისტების გაცვლა დაუშვებელია,  რადგან ისინი ომის დამნაშავეები არიან. როგორც თავად ამბობს, მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ „აზოვის“ პოლკის მეომრები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის გენერალური პროკურორი სასამართლოსგან „აზოვის“ პოლკის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებას ითხოვს.

„აზოვის“ პოლკი 2014 წელს ჩამოყალიბდა, როგორც მოხალისეთა გასამხედროებული ჯგუფი, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში რუსების მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს ებრძოდა. თავდაპირველად „აზოვის“ პოლკის ზოგიერთ წევრს ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ხედვა ჰქონდა. თუმცა შემდეგ ეს შენაერთი უკრაინის ეროვნულ გვარდიას შეუერთდა. მისი მეთაურები აცხადებენ,  რომ ახლა „აზოვის“ პოლკის წევრებს ულტრამემარჯვენე განწყობა აღარ აქვთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend