მთავარისაქართველოფარული მოსმენების საქმეზე დაზარალებულები რეალურ გამოძიებას ითხოვენ

ფარული მოსმენების საქმეზე დაზარალებულები რეალურ გამოძიებას ითხოვენ

რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან უკანონო მიყურადების მსხვერპლი მოქალაქეები, ეფექტურ გამოძიებას კვლავ მოითხოვენ. უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა, „ღია საზოგადოების ფონდში“ გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ პროკურატურა საქმის მიჩქმალვას ცდილობს.

მათი განცხადებით, სუსის მიერ აქტიური მოქალაქეების ტოტალური თვალთვალისა და მოსმენების გახმაურებულ საქმეზე  ყველა საგამოძიებო თუ სახელმწიფო უწყება დუმს. პროკურატურას არც ერთი განმცხადებელი არ უცვნია დაზარალებულად, რაც გამოძიების პროცესს ართულებს.

მედიის წარმომადგენლების განცხადებით, გამოძიების დაწყების პირველივე დღიდან მათ აქვთ განცდა, რომ სახელმწიფო რეალურ გამოძიებას არ ატარებს.

“გამოძიების დაწყების პირველივე დღიდან, როცა გამოკითხვაზე დამიბარეს, არ გამიჩნდა განცდა, რომ პროკურატურას გულწრფელი სურვილი აქვს ობიექტურად გამოიძიოს ეს საქმე. იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე ფაილი ჩემს უკანონო მოსმენებს ასახავს, დაზარალებულის სტატუსი არ მოუნიჭებიათ. არც გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ვიცით რაიმე. ვუერთდები საერთო მოთხოვნას – გვაღიარონ დაზარალებულებად და შეგვხვდეს პროკურორი“, – განაცხადა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა ქეთი ნადიბაიძემ.

სუსის სკანდალური ფაილების მონიტორინგის მწარმოებელ და დაზარალებულთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ გამოძიების დაწყებიდან საკმარისი დროა გასული შედეგების დასადებად. თუმცა, სახელმწიფო, რომელიც ამ უკანონო ქმედებების ავტორი თავად არის, თავის დანაშაულს არ გამოიძიებს.

“გამოძიების მიმდინარეობის მიუხედავად, ამ დრომდე არ არის გამოკითხული შესაძლო უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების მსხვერპლთა ნაწილი, ხოლო უკვე გამოკითხული პირებიდან დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე პროკურატურამ და სასამართლომ ყველას დაუსაბუთებელი უარი განუცხადა.

დანაშაულის მსხვერპლებისთვის, დაზარალებულის სტატუსის არარსებობის პირობებში, გამოძიების მიმდინარეობის, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და მათი შედეგების თაობაზე ინფორმაცია ხელმიუწვდომელი რჩება.

დაზარალებულად ცნობაზე სხვადასხვა მიზეზით უარს აცხადებს სასამართლოც. რიგ შემთხვევებში, ფარული მოსმენა-მიყურადების მსხვერპლები, მიმართვის მიუხედავად, პროკურატურას საერთოდ არ გამოუკითხავს და მათ მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს თუ არა გამოძიება, უცნობია. გამოძიება არ არის ეფექტიანი. მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას: გამოკითხოს ყველა პირი, ვინც შესაძლო დანაშაულის ფარგლებში უფლების დარღვევის საჩივრით/განცხადებით მიმართა; დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს ყველა მსხვერპლს, გამოავლინოს და დააკავოს დამნაშავეები“, – განაცხადა უფლებადამცველმა ედუარდ მარიკაშვილმა.

რეალური გამოძიებისა და გენერალურ პროკურორთან შეხვედრის მოთხოვნების გარდა, ბრიფინგზე თქვეს, რომ სუსი დიდი ალბათობით ისევ აგრძელებს მოქალაქეების უკანონო ფარულ მიყურადებას. სუსი დუმილის უფლებას იყენებს. 20-მდე მოქალაქე კი კვლავ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და სახელმწიფოსგან შეცდომის აღიარებას მოითხოვს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend