მთავარისაქართველოსაქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივა მიმდინარე მოვლენების ფონზე - ექსპერტების მოლოდინები

საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივა მიმდინარე მოვლენების ფონზე – ექსპერტების მოლოდინები

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე თვის წინ საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებთან, ეროვნული თანხმობის იდეით შეხვედრები დაიწყო. წარსული რომ წარსულშივე უნდა დარჩეს, ამაზე ყველა თანხმდება. თუმცა, მეორე საკითხია მომავლისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯები.

დემოკრატიულ ჩავარდნებთან დაკავშირებით დასავლეთში შეკითხვები, ქართული პოლიტიკური სპექტრის, განსაკუთრებით მმართველი პარტიისა და ხელისუფლების მიმართ, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა განაპირობა. სულ ბოლოს ასეთად დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დირექტორის დაპატიმრება მიიჩნევა.

რა სიგნალს აგზავნის საქართველო დასავლეთში ამით, ევროკავშირისგან წევრობის კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილების მოლოდინის პერიოდში და როგორ შეხედავს დასავლეთი ფართო პერსპექტივიდან ამ პროცესებს.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი შორენა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ევროკავშირი ქართველ ხალხს არ გაწირავს. პოლიტიკურ პრობლემებს კი, აქამდეც ისედაც ყველა კარგად ხედავდა.

„ვინ არის საქართველო ევროკავშირისთვის და მათი გადმოსახედიდან? ეს არის ნახევრად თავისუფალი, ნახევრად დემოკრატიული ქვეყანა, რომელშიც, პრინციპში ძალიან დიდი ხანია დიდ ინვესტიციებს დებს ევროკავშირი. იმისთვის, რომ განვითარდეს სამოქალაქო საზოგადოება, ეკონომიკა და ა.შ. ჩვენი პასუხი კი რა არის?! ჩვენ არ ვპასუხობთ ჩვენი ქმედებებით ამ მხარდაჭერას და დახმარებას. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ასეთი პოლიტიკური მართვა დასასრულებელია. რაც ბოლო პერიოდში მოხდა, მხოლოდ დეგრადაციაზე მეტყველებს. ერთმნიშვნელოვნად ცუდად არის  ჩვენი დემოკრატია. ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობა ნულს ქვემოთაა. ამ ფონზე, რთულია ზუსტად თქვა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი. მგონია, რომ ევროკავშირი საფრთხეების და მომავლის კუთხით შეხედავს სიტუაციას და საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას რუსეთის პირისპირ მარტო არ დატოვებს. მგონია, რომ მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით“, – აცხადებს შორენა ლორთქიფანიძე.

საქართველოს საგარეო კურსის რეალური კონტურები ნათელია „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანლისთვის. ვანო ჩხიკვაძე ამბობს, რომ საქართველოს მმართველი ელიტა რუსული ორბიტის სიახლოვით, ევროკავშირის მიმწყვდევას ცდილობს, რომ ამ სტრუქტურამ გადაწყვიტოს საქართველოს ბედი – იქნება ის რუსეთის ხახაში თუ ევროპულ ოჯახში.

„ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რომ ევროკავშირი კუთხეში მიაყენოს. კუთხეში მიმწყვდევით ფაქტობრივად, ევროკავშირს უტოვებს გადაწყვეტილების მიღების უფლებას საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. ანუ, მას უნდა მიაღებინოს გადაწყვეტილება, დატოვებს ევროპულ ორბიტაზე ჩვენს ქვეყანას, თუ გადასცემს ფაქტობრივად რუსეთს. 22-23 ივნისს, ევროკავშირმა უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით. აი, ამ ფონზე, რაც საქართველოში ახლა ხდება, ძალიან გაუჭირდება ევროკავშირს დადებითი გადაწყვეტილების მიღება. ჩვენი ახლო პარტნიორები გვთხოვენ, რომ მივცეთ საშუალება ჩვენი ქმედებებით დავუმტკიცოთ, რომ ამას ვიმსახურებთ, ჩვენ კი ასე არ ვიქცევით. მე მაინც მგონია, რომ ქართველ ხალხს არ ეტყვის უარს ევროკავშირი. ხელისუფლება შეიძლება შეიცვალოს და პროევროპული ძალა მოვიდეს. ამიტომ, ევროკავშირი ამ ხიდს არ დაწვავს“, – მიიჩნევს ვანო ჩხაიძე.

ევროკავშირი საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროინტეგრაციის პროცესს, გრძელვადიან ჭრილში უყურებს. უფრო ფართო სურათის პერსპექტივით, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები იმედს იტოვებენ, რომ ივნისში ბრიუსელში საქართველოს და ქართველ ხალხს, ევროპულ მომავალზე უარს არ ეტყვიან.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend