თბილისში მშენებლობები უცხო არაა. დედაქალაქის მასშტაბები იზრდება და საცხოვრებელ უბნებს ახალი კორპუსები ემატება.
მშენებლობების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სამშენებლო ნარჩენების ზრდაა, რომლებიც გადამუშავებას საჭიროებს.
გარემოსდამცველები ამბობენ, რომ თბილისში უამრავი სამშენებლო ნარჩენი ყოველგვარი გადამუშავების გარეშე იყრება არალეგალურ ნაგავსაყრელებზე, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს.
„სამშენებლო ნარჩენების უმეტესობა, პირდაპირ რომ ვთქვათ, ველურად იყრება, ყოველგვარი გაუვნებელყოფისა და უტილიზაციის გარეშე, რაც ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ორგანული ნარჩენებისგან განსხვავებით სამშენებლო ნაგავი, იქნება ეს ბეტონი ან სინთეტიკური ნარჩენი, ნიადაგში ძალიან დიდ ხანს რჩება, არ იხრწნება“, – ამბობს გარემოსდამცველი ბიძინა გიორგობიანი.
იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს სამშენებლო ნაგვისა და მყარი ინერტული ნარჩენების გადამუშავება, საქართველოს მთავრობას შემუშავებული აქვს ტექნიკური რეგლამენტი.
„ტექნიკური რეგლამენტში გაწერილია, თუ როგორ უნდა მოხდეს ასეთი ნაგავსაყრელების მშენებლობა და აუცილებელია, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით იხელმძღვანელონ მუნიციპალიტეტებმა და თვითმმართველმა ქალაქებმა. ხშირ შემთხვევაში ამისთვის ბიუჯეტი არ არის გამოყოფილი“, – ამბობს ნარჩენების მართვის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი გულიაშვილი.
სამშენებლო ნარჩენების მართვაზე კონტროლი საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის პასუხისმგებლობაა.
„სტატისტიკის მიხედვით, სამშენებლო ნარჩენები წინა წლებთან შედარებით შემცირებულია. ვერ ვიტყვით, რომ ეს პრობლემა სრულად აღმოიფხვრა, თუმცა ბევრად უკეთესი მდგომარეობაა. სამშენებლო ნაგავი მაინც ძირითადად უკავშირდება მსხვილ ქალაქებს, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს მშენებლობები და წარმოქმნილი ნარჩენები ძირითადად ხევებში იყრება“, – ამბობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნელი კორკოტაძე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს სამშენებლო ნარჩენით გარემოს დანაგვიანების 185 ფაქტი გამოვლინდა. 2020 წელს 137, 2021 წელს კი რაოდენობა 113-მდე შემცირდა. ხოლო მიმდინარე წლის მაჩვენებლი კი ჯერჯერობით 52-ია.
„ევრონიუს ჯორჯია“ დაუკავშირდა რამდენიმე კერძო სამშენებლო კომპანიას. მათი თქმით, ისინი ზუსტად იცავენ რეგლამენტში გაწერილ წესებს, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარის გაკეთება არც ერთმა მათგანმა არ ისურვა.
„თავად სამშენებლო კომპანიების ინტერესშიც უნდა შედიოდეს, რომ ე.წ. “რეციკლინგის” პროცესში ჩაერთონ და გადამუშავების შემდეგ სამშენებლო მასალები ისევ ბაზარზე მოხვდეს, არ დარჩეს მიწაში, როგორც ნიადაგის დამაზიანებელი და გარემოს დამაბინძურებელი ნივთიერებები”, – წუხს გარემოსდამცველი ბიძინა გიორგობიანი.
გარემოსდამცველები ამბობენ, რომ სამშენებლო ნარჩენების გავლენა გარემოზე მეტად საშიშია და მისი შედეგები კაცობრიობამ შესაძლოა წლების შემდეგ იწვნიოს.
ამიტომაც, ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას, კერძო კომპანიებსა და ხელისუფლებას, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ გარემოს დაბინძურების საკითხს და გაუფრთხილდნენ დედამიწის ბიომრავალფეროვნებას.
ნინი დვალიშვილი