მთავარი საქართველო „სნაიპერი არ ბერდება, მებრძოლს ასაკი არ აქვს“ – დარეჯან მაისურაძე

„სნაიპერი არ ბერდება, მებრძოლს ასაკი არ აქვს“ – დარეჯან მაისურაძე

ქართველი მოხალისეები კვლავ იბრძვიან უკრაინაში და როგორც თავად ამბობენ, ამ გზით უკრაინასთან ერთად საქართველოსაც იცავენ. ისინი არიან ქართულ თუ საერთაშორისო ლეგიონებში, სპეციალურ ქვედანაყოფებში, ჰუმანიტარულ მისიებში…

„ევრონიუს ჯორჯია“ ქართველ მებრძოლს, დარეჯან მაისურაძეს ესაუბრა. ის სნაიპერია და მისთვის ეს მესამე ომია რუსეთის წინააღმდეგ. დარეჯანი 14 წელია კიევში ცხოვრობს. ომში წასვლა კი მაშინვე გადაწყვიტა, როცა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო.

„ზოგჯერ უკვირთ, რომ 63 წლის ასაკში ისევ ვაკეთებ ამას. მე კი ვეუბნები, რომ სნაიპერი არ ბერდება, მებრძოლი არ ბერდება, მებრძოლს ასაკი არ აქვს“ – ამბობს დარეჯან მაისურაძე.

ქართველი სნაიპერის და მისი თანამებრძოლების მთავარი დავალება დივერსანტების წინააღმდეგ ბრძოლაა. ისინი რუსებთან ერთად აპატიმრებენ იმ უკრაინელებსაც, რომლებიც მოწინააღმდეგის სასარგებლოდ მუშაობენ.

„მე შევხვედრივარ ტყვედ აყვანილ რუს სამხედროებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ომში წამოსვლის შესახებ არაფერი იცოდნენ. თუმცა რამდენიმე მათგანს ვკითხე – თუკი არ მიდიოდნენ საბრძოლო მომზადებაზე, მაშინ რატომ ჰქონდათ საბრძოლო ვაზნები. საბრძოლო ვაზნებით სწავლება ხომ არ ხდება. მათ ყველამ კარგად იცოდნენ, სადაც მიდიოდნენ. მოდიოდნენ უკრაინის დასაპყრობად და ფიქრობდნენ, რომ ქვეყანას 3-4 დღეში აიღებდნენ“ – ჰყვება დარეჯანი.

ქართველი მებრძოლი ამბობს, რომ ყველაზე მძიმე ვითარება კიევის შემოგარენში – ბუჩაში დახვდა. ის ასევე იხსენებს ქალაქ ლვივის დაბომბვას. მისი თქმით, რუსულ საოკუპაციო ძალებს ერთი და იგივე ხელწერა აქვთ და ეს ქართველებისთვისაც კარგად ნაცნობია.

„ისინი ყველაფერს ერთნაირად ანადგურებენ. მე რაც 2008 წელს ვნახე, ასევე 90-იან წლებში აფხაზეთში, ანალოგიური მეორდება აქაც. არაფერი იცვლება. ერთნაირად სასტიკები არიან. ეს არის ბოროტების იმპერია, რომელიც უნდა დაინგრეს. ისე გამოდის, რომ ამ წლების განმავლობაში უკვე მესამე ომში ვარ ერთი და იმავე მტრის წინააღმდეგ. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, აფხაზეთის ომის დროს საქართველოს რომ ყველა გვერდში დადგომოდა, იქნებ ახლა უკრაინაში ეს არ მომხდარიყო“ – ამბობს დარეჯან მაისურაძე.

სნაიპერი ქალი ამ ომში ყველაზე რთულ დავალებასაც იხსენებს. ამბობს, რომ ბრძოლის ველზე სქესს მნიშვნელობა არ აქვს და იქ ყველა თანასწორია – „ჩემთვის ყველაზე რთული დავალება იყო ერთ-ერთი ბლოკპოსტის დაცვა, რომელსაც ცუდი მდებარეობა ჰქონდა. მე ისეთი ადგილი უნდა მომეძებნა, რომ ბიჭების შორიდან დაცვა შემძლებოდა. ჩვენ ეს გავაკეთეთ. არცერთი დაჭრილი იმ დღეს არ გვყოლია“ – ჰყვება დარეჯან მაისურაძე.

დარეჯანი ამბობს, რომ თანამებრძოლი მამაკაცები ხშირად აქებენ და ეუბნებიან, რომ ის უფრო უკეთ ისვრის, უფრო ძლიერი და უფრო ამტანია.

„ქალის ფაქტორი თითქოს საბრძოლო მოტივაციასაც ზრდის. დღის ბოლოს, როდესაც ვეუბნებით – მადლობა ბიჭებო დღევანდელი დღისთვის, ასე გვპასუხობენ – მადლობა თქვენ… თქვენ გვაძლევთ იმედს და სტიმულს, იმისთვის, რომ უკეთესები ვიყოთ“ – ამბობს დარეჯან მაისურაძე.

ქართველმა სნაიპერმა ქალამა „ევრონიუს ჯორჯიასთან“ საუბრისას თქვა, რომ ის ბრძოლის ველზე უკრაინის გამარჯვებამდე დარჩება.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend