მთავარისაქართველოსაქართველოს ვიზიტიორებს შორის ტურისტი ცოტაა - ამბობენ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები

საქართველოს ვიზიტიორებს შორის ტურისტი ცოტაა – ამბობენ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები

2022 წლის პირველ 4 თვეში საქართველოში შემოსული ვიზიტორების დიდი ნაწილი რუსეთიდან და ბელარუსიდანაა

საქართველოში 2022 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 272,3%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტიორი შემოვიდა. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ საერთაშორისო ვიზიტიორებს შორის ტურისტი ცოტაა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეში დაახლოებით 50-მდე თვითმფრინავი ჯდება. დედაქალაქის ქუჩები სავსეა საერთაშორისო ვიზიტიორებით, თუმცა მათ შორის ტურისტი ცოტაა.

რას ამბობენ საქართველოში მყოფი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები:

„ჩვენ რუსეთიდან ვართ. ვაპირებთ, რომ საქართველოში რამდენიმე თვე დავრჩეთ“;

„მე ბელარუსიდან ვარ, მინსკიდან. აქ კიდევ 2 დღე დავრჩები“;

„ჩვენ რუსეთიდან ვართ, საქართველოში რამდენიმე კვირის წინ ჩამოვედით“;

„ჩვენ ბელარუსიდან ვართ, საქართველოში 2 თვის წინ ჩამოვედით. აქ ძალიან მოგვწონს“;

„მე უკვე ორი კვირაა, რაც აქ ვარ. მინდა, დიდხანს დავრჩე“;

ტურისტული სეზონის გაცოცხლებას ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები განსაკუთრებით ელოდნენ. თუმცა რეგიონში ომმა მათი მოლოდინი შეცვალა. 2022 წლის პირველ 4 თვეში 820,796 საერთაშორისო ვიზიტიორი შემოვიდა. მათი დიდი ნაწილი რუსეთიდან და ბელარუსიდანაა.

„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთიდან ტურისტები შემოდიან, ტყუილია. ძალიან ცოტა ადამიანი შემოდის ტურისტად. ძირითადად, რუსეთიდან საქართველოში საცხოვრებლად ჩამოდიან“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა.

ვიზიტიორები, რომლებიც ქვეყანაში დიდხანს რჩებიან, ტურისტული სერვისებით ნაკლებად ან საერთოდ არ სარგებლობენ, რაც სტუმარმასპინძლობის სექტორსა და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკაზეც აისახება. მკვლევრები ტურიზმის სფეროს მთავარ გამოწვევებზე საუბრობენ.

„უკრაინიდან და რუსეთიდან აღარ იქნებიან ტურისტები. მეორე ფაქტორი არის ის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების ეკონომიკებს არ უდგათ კარგი დღე. მაგალითად, შუა აზიის ქვეყნები – ყაზახეთი, უზბეკეთი,  დამოკიდებული არიან  რუსეთზე. ამ ქვეყნებიდან ძალიან ბევრი ვიზიტიორი ჩამოდიოდა, ესეც იქონიებს გავლენას. მესამე ფაქტორი კი არის გაუარესებული ფონი უსაფრთხოების თვალსაზრისით. ახლა არაუსაფრთხო რეგიონად აღვიქმებით“, – ამბობს კახა სამყურაშვილი, „გალთ & თაგარტის“ უფროსი მკვლევარი.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროპიდან საქართველოში ჩამოსვლის მსურველთა უმეტესობა რეგიონში მიმდინარე ომის გამო ჯავშნებს აუქმებს.

„მთავარი კითხვა, რომელსაც ევროპიდან გვისვამენ,  ომის საშიშროებას უკავშირდება. მათ აინტერესებთ, რამდენად დაცულები ვართ, რომ რამე არ მოხდეს“, – ამბობს გუჯა ნარიმანაშვილი, ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი

მსოფლიოში ტურიზმის სფერო ორწლიანი შეზღუდვების შემდეგ ძალებს იკრებს. საქართველო კი პანდემიის შემდეგ ახალი გამოწვევის წინაშე დადგა. ქვეყანაში მოსახლეობას იმედი აქვს, რომ, ყველაფრის მიუხედავად, საქართველო ტურისტებით კვლავ გაივსება.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend