მთავარისაქართველომიხეილ სააკაშვილი სამკურნალო დაწესებულებაში გადასვლას რამდენიმე პირობით დათანხმდება

მიხეილ სააკაშვილი სამკურნალო დაწესებულებაში გადასვლას რამდენიმე პირობით დათანხმდება

ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი კვლავ მიხეილ სააკაშვილის გარეშე გაიმართა. ის პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო. დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს სამედიცინო ექსპერტისთვის უნდა მოესმინა, რომელსაც მოსამართლისთვის უნდა დაესაბუთებინა მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტისთვის ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება. ეს მოსმენა დღეს ვერ შედგა. ადვოკატების განმარტებით, მათ არ ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილის წერილობითი თანხმობა სხდომაზე მისი დასწრების გარეშე გამოეკვლიათ მტკიცებულებები, ამიტომ ითხოვდნენ სხდომა მხოლოდ შუამდგომლობების განხილვის ნაწილში გაგრძელებულიყო. მოსამართლემ მიიჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ იყო საკმარისად ჩამოყალიბებული. საბიუჯეტო თანხების მითვისების ეპიზოდზე პროცესი 24 მაისისთვის გადაიდო.

„ერთი მხრივ თქვენ გაქვთ 3 მაისით დათარიღებული ცნობა, სადაც ითხოვთ, რომ სხდომა არ გაგრძელდეს მტკიცებულებების გამოკვლევის ნაწილში და გაქვთ მეორე ცნობა, დათარიღებული 10 მაისით, სადაც ბრალდებული წერს, რომ დღევანდელი სხდომა გაგრძელდეს მისი მონაწილეობის გარეშე. ვინაიდან რიგი საკითხები გაქვთ ჩამოსაყალიბებელი და ბრალდებულთან შესათანხმებელი, მაშინ დღევანდელი პროცესი გადაიდოს“ – განმარტა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე ამბობს, რომ მსჯავრდებულისთვის ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას მოსამართლე არ უნდა იღებდეს.

„ექსპერტიზის დანიშვნას სასამართლოს თანხმობა არ სჭირდება. სასამართლოს პრეროგატივა არ არის ექსპერტიზის დანიშვნა და სასამართლოს კომპეტენცია არ არის ექსპერტების ვიზიტების რაოდენობის დადგენა. ასევე – ექსპერტიზის ხასიათის დადგენა. ეს არის მთლიანად მხარის პრეროგატივა. იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეში ხელისუფლებას ასე აწყობს, აღმოჩნდა, რომ ექსპერტიზის დანიშვნის დროს, როცა საქმე ეხება თავისუფლებააღკვეთილ ადამიანს, თურმე სასამართლოს თანხმობაა საჭირო. ამასთან, სასამართლო აპირებდა განეხილა, რამდენჯერ უნდა შევიდეს ექსპერტი და რა სახის ექსპერტიზა უნდა ჩაატაროს, რაც დაცვის მხარის უფლებებში პირდაპირი ჩარევაა და ეს არის დაცვის ფუნქციის დაკნინება. ამას, ბუნებრივია, გამართლება არ აქვს“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო დასკვნა სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილმა სამედიცინო კონსილიუმმა 27 აპრილს გამოაქვეყნა. ამ დასკვნის მიხედვით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს დეპრესია, ანორექსია და კუნთების განლევა დაუდგინდა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დღეს, 10 მაისს, იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა. რატი ბრეგაძემ განმარტა, რომ პენიტენციურ სამსახური მზად არის მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი სამედიცინო კვლევებისთვის თბილისში, კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანონ.

„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, ყოველთვის ვმოქმედებთ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, გაუკეთდება შეთავაზება, რომ გადაყვანილ იქნეს კლინიკა „ვივამედში“, სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

მიხეილ სააკაშვილი თანახმაა კლინიკა „ვივამედში“ გადასვლაზე, თუმცა რამდენიმე პირობით – საქართველოს მესამე პრეზიდენტს სურს, მასთან მუდმივად შესვლის შესაძლებლობა ჰქონდეთ ოჯახის წევრებს და პირად ექიმს. სამუშაო საათებში კი მისი მონახულება შეძლონ ადვოკატებმა და სხვა პირებმა. კიდევ ერთი პირობა გამოკვლევებსა და დიაგნოსტიკაში ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტების ჩართვაა. ჯერ არ არის ცნობილი, როდის გადაიყვანს სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილს სამკურნალო დაწესებულებაში.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend