მთავარისაქართველო„IDS ბორჯომის“ თანამშრობლები კომპანიის მიერ შეცვლილი ხელშეკრულების პირობებს აპროტესტებენ

„IDS ბორჯომის“ თანამშრობლები კომპანიის მიერ შეცვლილი ხელშეკრულების პირობებს აპროტესტებენ

სანქციების გამო „IDS ბორჯომი“ წარმოებას დროებით აჩერებს. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან, „IDS ბორჯომი“  მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა.

ბორჯომში ქარხნის ასობით უმუშევრად დარჩენილმა თანამშრომელმა საპროტესტო აქცია გამართა. დასაქმებულებმა მენეჯმენტის მხრიდან შეთავაზებული ახალი კონტრაქტები გაააპროტესტეს. პროცესს მედიაციას პროფკავშირები უწევს.

„კომპანიის ადგილობრივი მენეჯმენტი სთავაზობს ახალ კონტრაქტებს, სადაც გარკვეულ წილად დასაქმებულთა სოციალური მდგომარეობა გაუარესებულია. შესაბამისად, ეს ადამიანები კორპორატიული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მზად არიან მიიღონ ეს შემოთავაზება, თუმცა, გარკვეული სახის გარანტიებით. სამწუხაროდ, ეს გარანტიები ამ ეტაპზე მათთვის მიცემული არ არის“, – თქვა პროფკავშირების წარმომადგენელმა, გიორგი დიასამიძემ.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის გამო რუსეთისთვის დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებულმა მკაცრმა სანქციებმა, კომპანია „ბორჯომზეც“ იმოქმედა. 2013 წლიდან „IDS ბორჯომის“ საკონტროლო – 60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი“ ფლობს.

„ალფა ჯგუფის“ დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საკითხზე ინტენსიურად მუშაობენ.

„კონკრეტულად ჩვენი სამინისტრო და მთავრობა არის ჩართული მოლაპარაკებების პროცესში. ჩვენ ამ შემთხვევაში ვაზუსტებთ იურიდიულ დეტალებს იმისთვის, რომ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ერთის მხრივ დაეხმარება „ბორჯომს“ და ქართული „ბორჯომის“ ინტერესებს, მათ შორის დასაქმებულების ინტერესებს და მეორე მხრივ იქნება შეთანხმებული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

კომპანია „IDS ბორჯომის“ დასაქმებულები 5 მაისიდან მედიაციის პროცესს დაიწყებენ. პროფკავშირების ჩართულობით, დასაქმებულების სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია. მედიაციის პროცესი, ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, მაქსიმუმ 21 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც, თუ შეთანხმება ვერ შედგა, დასაქმებულები გაიფიცებიან.

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend