მთავარისაქართველო30 არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკავშირის კითხვარის პასუხების გასაჯაროებას ითხოვს

30 არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკავშირის კითხვარის პასუხების გასაჯაროებას ითხოვს

30 არასამთავრობო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ევროკავშირის კითხვარის პასუხები საჯარო უნდა იყოს. შესაბამისი მოთხოვნით ორგანიზაციებმა დღეს, 2 მაისს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართეს.

განცხადების ავტორები აცხადებენ, რომ  საჯარო ინფორმაცია შეიძლება გასაიდუმლოვდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის წარმოადგენს პროფესიულ, პირად, კომერციულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას.

“ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კითხვარი იმის გამო გასაჯაროვდა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო და გაცილებით უფრო მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი პასუხების მიმართ და ალოგიკურია, რომ არ გასაჯაროვდეს პასუხები და გასაჯაროვდეს მხოლოდ კითხვარი”, – ამბობს “ღია საზოგადოების ფონდის” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე.

29 აპრილს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილი გადმოეცა. სწორედ მაშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დოკუმენტის პასუხებს არ გაასაჯაროებენ.

„საჯაროობასთან დაკავშირებით ჩვენ ამის ვალდებულება არ გვქონდა, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე თავად კითხვარის ნაწილი გავასაჯაროვეთ. რაც შეეხება პასუხებს, აქ არის საკითხები, რომელთა გასაჯაროება სასურველი და მიზანშეწონილი არ არის“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.

განცხადების ავტორები კი ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირისთვის მიწოდებული ინფორმაცია ნამდვილად შეიცავს პროფესიულ, პირად, კომერციულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას, შესაბამისი ნაწილები უნდა დაიშიფროს, დანარჩენი ნაწილი კი გასაჯაროვდეს. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი სალომე სამადაშვილიც ფიქრობს, რომ კითხვარის პასუხები საჯარო უნდა იყოს.

„არ ვიცი რატომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ რომ არ გაესაჯაროებინა ამ კითხვარზე პასუხები. ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა, რომ ჩვენ გვქონოდა საჯაროდ ინფორმაცია. მაგალითად, როდესაც კითხვარის ძალიან დიდი ნაწილი შეეხება მართლმსაჯულების რეფორმას, რა უპასუხა ამაზე ქართულმა ოცნებამ“, – ამბობს „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი და პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ კითხვარის შევსებულ, მეორე ნაწილს, ევროკომისიას საქართველო 13 მაისს გადასცემს. შევსებული კითხვარის მიღების შემდეგ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა.

მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, სავარაუდოდ ივნისის ბოლოს გახდება ცნობილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend