მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელი ჯარისკაცების ცოლები საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ

უკრაინელი ჯარისკაცების ცოლები საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ

ორი უკრაინელი ქალი, რომელთა მეუღლეებიც ახლა მარიუპოლში არიან, „აზოვსტალის“ ქარხნიდან მოსახლეობისა და ჯარისკაცების ევაკუაციას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად ჯარისკაცების სიცოცხლეც მნიშვნელოვანია.

აზოვის პოლკის მეთაურის, დენის პროკოპენკოსა და ამავე პოლკის მებრძოლის, არსენი ფედიუსიუკის მეუღლეები ახლა რომში არიან და საერთაშორისო საზოგადოებას სწორედ იტალიის დედაქალაქიდან მიმართავენ. ისინი ამბობენ, რომ რუსეთი “აზოვსტალის” ქარხანას ყოველ ღამე ბომბავს.

აზოვის პოლკის მეთაურის, დენის პროკოპენკოს მეუღლე, კატერინა პროკოპენკო ამბობს, რომ „აზოვსტალის“ ქარხანაში ყოველდღიურად იღუპებიან შეფარებული მოქალაქეები და სამხედროები.

“ჩვენ უნდა გადავარჩინოთ მათი სიცოცხლეები, რადგან მათ უკვე ყველაფერი გამოელიათ. არ აქვთ არანაირი საკვები, წამლები. იქ არ არის პირობები გადასარჩენად, საბრძოლველად. ისინი ძალიან ტრაგიკულ სიტუაციაში არიან. მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად არიან დაჭრილი მებრძოლები. იქ 600-მდე ადამიანია დაჭრილი, ზოგიერთი უკვე დაიღუპა. რუსები ისევ ბომბავენ მათ. ყოველ ღამე ბომბავენ დიდი და მძიმე ჭურვებით. იქ ადამიანები ყოველდღიურად იღუპებიან“, – ამბობს კატერინა პროკოპენკო.

აზოვის პოლკის მებრძოლის, არსენი ფედუსიუკის მეუღლე იულია ფედუსიუკი კი საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს.

„გვინდა დახმარება ვთხოვოთ ამერიკელ ხალხს, ევროპელებს. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დიპლომატებს, რათა გადაწყვიტონ ეს პრობლემა დიპლომატიური გზით, პოლიტიკური გზით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მარიუპოლს უნდა ჰქონდეს გადარჩენის შანსი. მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ჯარისკაცების სიცოცხლეც მნიშვნელოვანია და ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ სამოქალაქო პირებზე. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შევძლებთ ჯარისკაცების გამოყვანას, არამხოლოდ გარდაცვლილების, არამხოლოდ დაშავებულების, არამედ ყველა მათგანის“, –  აცხადებს იულია ფედესიუკი.

მებრძოლთა ცოლები ამბობენ, რომ ვითარება „აზოვსტალის“ ქარხანაში კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა გამოიყენა რაკეტები, რომლებიც მიწისქვეშა ბუნკერების გასანადგურებლადაა განკუთვნილი. მათი თქმით, „აზოვსტალში“ ჩარჩენილებს უკვე გამოელიათ საკვები და გაფუჭებული პროდუქტებით იკვებებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend