მთავარისაქართველოგორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეწარმე ქალების საქმიანობა

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეწარმე ქალების საქმიანობა

ბოლო რამდენიმე წელია, გორის მუნიციპალიტეტში არაერთი სოციალური საწარმო გაიხსნა – სამკერვალო სახლები, სათბურები, ჯანსაღი ხემსის მწარმოებელი ქარხანა.

ამ საწარმოებს ერთი რამ აერთიანებთ – აქ დასაქმებულები სოციალურად დაუცველი ქალები არიან. მათი უმეტესობა 2008 წლის აგვისტოს ომის დევნილია. ამ სოციალურ საწარმოებს  მხარს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN და „ევროკავშირი საქართველოსთვის“ უჭერს.

რამდენიმე წელია, ნინომ გორში სოციალური სამკერვალო საწარმო გახსნა. მისი თავდაპირველი მიზანი იყო დახმარებოდა გორში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ქალებს, ესწავლებინა მათთვის ხელსაქმე და შემდგომ დაესაქმებინა ისინი.  ნინოს საწარმო მალე გაიზარდა და უკვე მეორე წელია, მათ კიდევ ერთი სოციალური პასუხისმგებლობა აიღეს – ისინი სხვადასხვა სამკერვალო საწარმოებიდან ნარჩენებს იღებენ, გადაამუშავებენ მას და ახალ ნაწარმს ქმნიან.

„ნარჩენს 35 საწარმოდან ვიღებთ, გაგვიჩნდა იდეა, რომ ამ მასალით შინაური ცხოველების ავეჯი შეგვექმნა. ამასთანავე გადამუშავებულ ნარჩენებს სხვადასხვა ავეჯის სახლს ვუგზავნით, რომლებიც შემდგომ თავისი პროდუქტის დასამზადებლად იყენებენ. 2022 წლის ბოლოს გადამუშავებული გვექნება 10 ტონა ნარჩენი, რაც ჩვენ მიერ დაგეგმილზე დაახლოებით 2-ჯერ მეტია“, – ამბობს ნინო.

გორთან მდებარე სოფელ პატარა გარეჯვარში ფლორის მოყვარულებს ნებისმიერ სეზონზე 400-მდე სახეობის ქოთნის ყვავილის შეძენა შეუძლიათ. 29 წლის ნათიამ გატაცება შემოსავლის წყაროდ აქცია და დღეს მის სათბურს არაერთი ვიზიტორი სტუმრობს.

„ჩემი სამომავლო მიზანია, მეტი ქალი დავასაქმო და ყველას დავანახოთ, თუ როგორი წარმატების მიღწევა შეგვიძლია ქალებს. გვინდა, რომ ჩვენი მაღაზია გავხსნათ, რათა უფრო კომფორტული გახდეს ჩვენი მომხმარებლისთვის ყვავილების შეძენა. ახლა მხოლოდ საკურიერო მომსახურებით ვსარგებლობთ, ხანდახან თავად ვარ კურიერი“, – ამბობს ნათია.

თამარსა და მის ორ მეგობარს ჯერ კიდევ სტუდენტობისას ჯანსაღი ხემსის შექმნის იდეა დაებადათ და ვაშლის ჩიფსების წარმოება დაიწყეს. მათი პროექტი მალევე გახდა პოპულარული. ქარხანა საოკუპაციო საზღვრისპირა სოფელში, დიცში მდებარეობს და დასაქმებულები სოციალურად დაუცველი ქალები არიან. ახალგაზრდებს კიდევ მრავალი ამბიციური გეგმა აქვთ.

„ვაპირებთ უნარჩენო წარმოება დავიწყოთ, რაც გულისხმობს, წარმოების პროცესში დარჩენილი ვაშლის ნარჩენების გადამუშავებას და ახალი პროდუქტის მომზადებას, რომელიც დაახლოებით ტყლაპის მსგავსი იქნება“, – განუცხადა “ევრონიუს ჯორჯიას” თამარ შეიტნიშვილმა.

მეწარმე ქალებს ფინანსურად ევროკავშირი და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN აძლიერებს. რამდენიმე წელია, არასამთავრობო ორგანიზაციამ წამოიწყო პროექტი, რომლის მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდა სოციალურ მეწარმეებს, რომ მათი წამოწყება წარმატებული გახდეს.

პროექტი საქართველოს სამ მუნიციპალიტეტს  – გორს, ახმეტასა და ნინოწმინდას ფარავს.

„ჩვენ სამი საზღვრისპირა მუნიციპალიტეტი ავირჩიეთ, რადგან ეს მხარეები გამოირჩევა მოწყვლადობით. ახალგაზრდების შემთხვევაში სერიოზული გამოწვევები გვაქვს – მათი უმეტესობა არც სწავლობს და არც მუშაობს. სამივე რეგიონში მულტიეთნიკური წარმომადგენლობა გვაქვს და ამ რეგიონებში ფინანსური პრობლემებიც საკმაოდ ხშირია.“

ნინო, ნათია, თამარი – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ქალებისა, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ, იმისათვის რომ თავიანთი გატაცება საქმიანობად აქციონ და სხვა ქალებსაც დაეხმარონ განვითარებაში.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend