მთავარიგადაცემებიCULTზელენსკიმ ვენეციის ბიენალეს მიმართა

ზელენსკიმ ვენეციის ბიენალეს მიმართა

ვენეციის „ბიენალეს საერთაშორისო ხელოვნების გამოფენის“ ფარგლებში იმართება გამოფენა, სახელწოდებით „ეს უკრაინაა – რომელიც თავისუფლებას იცავს“.

როგორც ჩართულობის, ისე ხელოვნების ხარისხის მიხედვით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც ვენეციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შენობის „სკულა გრანდე დელა მიზერკოდიას“ (Scuola Grande della Misericordia) დარბაზები დაეთმო.

ამ გამოფენაზე წარმოდგენილია უკრაინის ხელოვნება, როგორც ძველი, ისე ახალი ნიმუშები, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოს გამოჩენილი ხელოვანების მიერ არის შექმნილი. გამოფენა ვიქტორ პინჩუკის ფონდის მხადაჭერით მოეწყო. გახსნის ცერემონიაზე პინჩუკმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილიც გადასცა საზოგადოებას.

ზელენსკის აზრით, გამოფენა არის გზა, რომლის საშუალებითაც ხალხი შეიგრძნობს, თუ რას ნიშნავს უკრაინისთვის თავისუფლების დაცვა, რომ მხოლოდ ხელოვნებას ძალუძს განცდების ასე გადმოცემა და ამას ვერცერთი მედიასაშუალება ვერ მოახერხებს.

„ბატონებო და ქალბატონებო, ალბათ წელიც არ გასულა დედამიწაზე ისე, რომ რომელიღაც ერს არ უწევდეს თავისუფლებისთვის ბრძოლა. მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში ადამიანების უმეტესობა ვერც კი აჩნევდა ამ ბრძოლას. სწორედ ამის იმედი აქვთ ტირანებს,“ – განაცხადა ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში. „ მხოლოდ ხელოვნებას შეუძლია, გააგებინოს მსოფლიოს ისეთი რამეები, რომლებსაც სხვა ფორმით ვერ გაამხელ. სწორედ ხელოვნება გადმოსცემს გრძნობებს. თუ თავად თავისუფალი ხარ, როგორ შეიძლება გაუგო მათ, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის? თუ თავად მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრობ, როგორ თანაუგრძნობ და დაეხმარები მათ, ვისაც მშვიდობაზე მხოლოდ ოცნება შეუძლია? როგორ გადაუხდი მადლობას მათ, ვინც თავის მიწაზე  შენი თავისუფლებისათვის იბრძოდა? ეს კითხვები მხოლოდ ხელოვნებას ეხება.“

სწრაფად შეგროვებული კოლექცია

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია სამი წლის წინ შექმნილი ნამუშევარი „დედები“, რომელზეც  იმ 300 დედის პორტრეტია  გამოსახული, რომლებმაც დონეცკისა და ლუჰანსკის ფრონტებზე შვილები დაკარგეს.

“ეს გამოფენა ძალიან სწრაფად, ოთხ კვირაში, მოვაწყვეთ“, – ამბობს ბიორნ გელდჰოფი, PinchukArtCentre-ის შემოქმედებითი დირექტორი. „ჩვენი მიზანი იყო, უკრაინა, რამდენადაც ეს  შესაძლებელი იყო, საუკეთესოდ წარმოგვეჩინა, არა მხოლოდ თანამედროვე თვალსაზრისით, არამედ ისტორიული კუთხითაც, რადგან პუტინმა სწორედ ამით დაიწყო, როცა ამბობდა –  უკრაინას არ აქვს კულტურა და საერთოდ არც არის ქვეყანაო. ჩემი აზრით, ეს გამოფენა ადასტურებს, რომ ჩვენ გვაქვს კულტურა, რომელსაც ძალიან ღრმა ფესვები აქვს, რომ ჩვენს კულტურას აქვს ისტორია.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოება უკრაინის გარშემო მტკიცედ შეიკრას.“

დამიენ ჰერსტი და ჯეიარი გამოფენაზე

გამოფენაში მონაწილეობა დამიენ ჰერსტმა  და ფრანგმა ხელოვანმა ჯეიარმაც (JR) მიიღეს.  მარტში ჯეიარმა ლვივის მთავარ მოედანზე უკრაინელი გოგონას ვალერიას პორტრეტი აღმართა.  ამ ნამუშევრის ფოტო ახლა ვენეციაშია გამოფენილი.

 

“ეს გიგანტური სურათი იმიტომ ჩავიტანე იქ, რომ მსურდა, რუსული თვითმფრინავების პილოტებს დაენახათ, თუ ვის ესვრიან ყოველდღე. სწორედ ამიტომ გავჭიმეთ 45 მეტრის სიმაღლის სურათი ქალაქის გულში,“ განმარტავს ჯეიარი. „ეს იყო, რისი გაკეთებაც შევძელით იმით, რაც ხელთ გვქონდა, რათა ხალხს გაეგო, ვინ ზიანდება ამით, ეს განსაკუთრებით ბავშვებს ეხება. პატარა ვალერია უსაფრთხოდ არის საზღვრის მეორე მხარეს დედასთან ერთად, მაგრამ მისი ოჯახის წევრები – მამა და ძმა ისევ უკრაინაში რჩებიან.“

უკრაინელ ხელოვანს ქვეყნიდან გასასვლელად ნებართვა დასჭირდა

მხატვარმა ლესია ხომენკომ ქმარი უკრაინაში საბრძოლველად დატოვა. ქალმა ქმარი გიგანტურ ტილოზე დახატა ადვოკატების, ინჟინრებისა და მუსიკოსების გვერდით, რომლებიც ახლა ჯარისკაცები არიან.

„ჩემთვის ხელოვნება მხოლოდ  პოლიტიკური აქტივობის საშუალებაა,“- ამბობს ლესია. „რა თქმა უნდა, ხელოვნება ვერ შეედრება რეალობას, რომელიც ახლა უამრავი ადამიანის, სამოქალაქო პირების  სიკვდილს ნიშნავს. ჩემი აზრით, რეალობა უფრო ძლიერია, ვიდრე ხელოვნება, განსაკუთრებით უკრაინის რეალობა, რომელიც ასეთი სიურრეალისტურია.“

უკრაინელ ხელოვან ნიკიტა კადანს, როგორც მამაკაცს, უკრაინა რომ დაეტოვებინა, სპეციალური ნებართვის აღება დასჭირდა. თავის ნამუშევრებში იგი ომის მტკიცებულებებს აგროვებს. ეს პროექტი ნიკიტამ დონბასში 2014 წელს დაიწყო.

“ეს ნამუშევარი ნივთმტკიცებებს წარმოადგენს, მაგალითად, აქ არის რუსული რაკეტის ნამსხვრევი და კიევში დანგრეული შენობის პატარა ნატეხი,“ – ამბობს ნიკიტა.

გამოფენა „ეს უკრაინაა –  რომელიც თავისუფლებას იცავს“ 2022 წლის ბიენალეს ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. გამოფენა ვენეციაში 7 აგვისტომდე გაგრძელდება.

ავტორი: ფედერიკ პონსარდი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend