მთავარისაქართველო„საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო

„საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო

აშშ-ის „დემოკრატიული“ და „რესპუბლიკური“ პარტიების მხრიდან, საქართველომ მხარდაჭერის კიდევ ერთი დოკუმენტი დაიმსახურა.

2022 წლის 27 აპრილს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კონგრესმენების – ადამ კინზინგერისა და ჯერი კონოლის თაოსნობით „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას.

„საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას.

გმობს რუსეთის ფედერაციის ოკუპანტურ და აგრესიულ ქმედებებს. კანონპროექტი ასევე მოუწოდებს აშშ-ს ადმინისტრაციას, ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში, საქართველოს გაძლიერების მიმართულებით.

კონგრესმენ ჯერი კონოლის განცხადებით – „მე ახლა აქ ვდგავარ, როგორც ამ კანონპროექტის თანაავტორი და აქტიური მხარდამჭერი. კანონპროექტის ორპარტიული მხარდაჭერა, აძლიერებს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას რამდენიმე მიმართულებით. მათ შორის, უსაფრთხოების გაძლიერების, დემოკრატიული მმართველობის ფარგლებში რეფორმების ხელშეწყობის, რუსული დეზინფორმაციისა წინააღმდეგ ბრძოლისა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით. როგორც ერთ სულ მოსახლეზე ძალების ნომერ პირველმა კონტრიბუტორმა ავღანეთში და ნატო-ს პარტნიორმა ქვეყანამ, საქართველომ აჩვენა თავისი თავდადება დასავლეთის ალიანსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისადმი. ეს დოკუმენტი შესაძლებლობას გვაძლევს შეერთებულ შტატებს, გამოვხატოთ ჩვენი ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“.

პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამ დოკუმენტის შემუშავებით, პარტნიორმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოს ამერიკის ურყევი მხარდაჭერა აქვს.

„ ნებისმიერი მხარდამჭერი აქტი, ნებისმიერი ხმამაღალი დოკუმენტი, რომელიც ხაზს უსვამს ამ თანამშრომლობასა და მხარდაჭერას ჩვენთვის, ბუნებრივია, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, რათა ეს პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს“, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, ბოლო პერიოდში მმართველი პარტიის არადემოკრატიული ქმედებების მიუხედავად, აშშ საქართველოს მთავარ მოკავშირედ და პარტნიორად რჩება.

„ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან აშშ იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა საქართველო. დღემდე მათ ყველაზე მეტი აქვთ გაკეთებული საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით, არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. ჩავარდნების მიუხედავად, რომელიც „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, საქართველო კვლავ იღებს მხარდაჭერას მთავარი პარტნიორისგან“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი კონგრესმენების ამ ძალისხმევას, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე სამადლობელი განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერი მადლობას უხდის კონგრესმენებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

დოკუმენტი საბოლოო დამტკიცებისათვის რამდენიმე ეტაპს გაივლის. ბოლოს კი მას ხელს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend