მთავარი საქართველო TI ბიძინა ივანიშვილისა და მისი ნათესავების რუსული ბიზნესის შესახებ კვლევას აქვეყნებს

TI ბიძინა ივანიშვილისა და მისი ნათესავების რუსული ბიზნესის შესახებ კვლევას აქვეყნებს

როგორია ბიძინა ივანიშვილისა და მისი ნათესავების რუსული ბიზნესი – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევაში მოყვანილია სამი გზა, რომლითაც ივანიშვილი რუსეთში ბიზნესს ფლობს. ესენია ოფშორული კომპანიები და კომპანიები, რომლებსაც, სავარაუდოდ, მისი ნათესავები და დაახლოებული პირები ფლობენ.

კერძოდ, კვლევაში წერია, რომ რუსეთში „აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან“ ბიძინა ივანიშვილის ნათესავებიც.

„2011 წელს, პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ის რუსულ ბიზნესებს გაასხვისებდა იმისთვის, რომ არ გაჩენილიყო ქართულ საზოგადოებაში კითხვები და 2012 წელს მან განაცხადა, რომ ბოლო ბიზნესი გაყიდა რუსეთში. ჩვენ აღმოვაჩინეთ, შევისწავლეთ მისი ოფშორული კომპანიების საქმიანობა რუსეთში და ვნახეთ, რომ დღეს მისი ერთ-ერთი ოფშორული კომპანია, რუსეთში დღეს ფლობს მინიმუმ ერთ კომპანიას“, – აღნიშნა ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერმა, სანდრო ქევხიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ როდესაც ქვეყნის არაფორმალურ მმართველს სერიოზული ბიზნესინტერესები გააჩნია მტრული სახელმწიფოში, საქართველოს უსაფრთხოებასა და საგარეო კურსს გარკვეული საფრთხე შეიძლება დაემუქროს.

„ჩვენი კვლევის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ის კითხვები, რაც არსებობდა საქართველოს მთავრობის გაურკვეველ პოზიციებთან, უკრაინაში ომთან დაკავშირებით და უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, შესაძლებელია, იყოს კავშირში ზუსტად იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახის წევრებს აქვთ მოქმედი ბიზნესინტერესები რუსეთში და შესაძლოა, ეს ინტერესები ზუსტად განსაზღვრავს დღევანდელი საქართველოს მთავრობის პოზიციებს. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან ცუდი და ცხადია, რომ ჩვენთვის ზუსტად ამის გამო გახდა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ ბიზნესინტერესების შესწავლა მოხდეს“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თავმჯდომარემ, ეკა გიგაურმა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” ანგარიშში წერია, რომ  ბიძინა ივანიშვილს ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიების საშუალებით დღესაც აქვს ბიზნესინტერესები რუსეთში.

ივანიშვილის 3 ოფშორული კომპანია 2012-2019 წლებში, მათ შორის პრემიერმინისტრობის დროს, მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას ფლობდა — ამ ოფშორებიდან ერთ კომპანიას დღესაც აქვს აქტიური ბიზნესი როგორც რუსეთში, ისე საქართველოში.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend