ლუგარის ლაბორატორია, ვოლოდიმირ ზელენსკი, ქალაქი ბუჩა – რუსული პროპაგანდის სამიზნე ნებისმიერი ამბავი შეიძლება გახდეს.
ამ პროპაგანდის მიზანია ნდობის შემცირება, როგორც საზოგადოების წევრების, ასევე საინფორმაციო წყაროების მიმართ.
სახელდახელოდ გამოკითხული მოქალაქეები ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებულ კონკრეტულ ყალბ ამბებს ვერ იხსენებენ, თუმცა “ფეიკების” უმეტესობა სოციალურ ქსელში წაუკითხავთ.
„კონკრეტულად არაფერი მახსენდება, მაგრამ ძირითადად საეჭვო გვერდები, რომელიც არის ფეისბუკზე იქ მხვდება ფეიკები. წინასწარ დებენ ხოლმე რაღაცებს სანამ დადასტურებული არ არის ინფორმაცია”, – აღნიშნავს ერთ-ერთი მოქალაქე.
დეზინფორმაციასთან ბრძოლაში კომპანია „მეტას“ ყველა მომხმარებელი შეიძლება დაეხმაროს.
საეჭვო პოსტის მონიშვნის შემდეგ, მომხმარებელი უგზავნის ე.წ. რეპორტს ფეისბუკის ადმინისტრაციას და მონიშნავს ცნობას, როგორც „ყალბი ამბავი“.
გარდა ამისა, არსებობენ ფაქტების გადამმოწმებლებიც, რომლებიც უშუალოდ „მეტასთან“ თანამშრომლობენ და პლატფორმაზე პოსტს გაფრთხილების ნიშანს ადებენ.
„რაც არ უნდა ხდებოდეს, არ უნდა მოხდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. შესაბამისად კონტენტი არ იშლება, არამედ ინიშნება, როგორც ყალბი ამბავი, მაგრამ ფეისბუკს ასევე აქვს მეორე პოლიტიკა, როდესაც ჩვენ რაიმეს მოვნიშნავთ ყალბი ამბის ვერდიქტით, შეუძლებელი ხდება ამის “დაბუსტვა” ანუ თანხის გადახდა. გარდა ამისა, არის სანქციები იმ პროფილებისთვის და “ფეიჯებისთვის”, რომლებიც განმეორებით ავრცელებენ ყალბ ამბებს”, – აღნიშნავს „ფაქტ-მეტრის“ მთავარი რედაქტორი მალხაზ რეხვიაშვილი
“ფაქტჩეკერი” თენგიზ აბლოთია, რომელიც კონკრეტულად ოკუპირებული ტერიტორიებისთვის გამიზნულ დეზინფორმაციაზე მუშაობს აღნიშნავს, რომ ყველა თემა უკრაინას ან ლუგარის ლაბორატორიას ეხება.
„ამ პერიოდში ჯერჯერობით არც ერთი თემა არ იყო, რომელიც დაკავშირებული იყო საქართველოსთან გარდა ლუგარის ლაბორატორიისა. ლაბორატორია არის თემა, რომელიც ძალიან უყვართ რუს ჟურნალისტებს და მაღალჩინოსნებს. მუდმივად არის ამ თემაზე რაღაც “ფეიკები”. როგორც ჩანს, ეს თავისი სავარაუდო გეგმების შესამზადებლად სჭირდებათ. ესეც უკრაინაზე მიბმული თემაა, რადგან უკრაინაშიც არის ასეთი ლაბორატორიები”, – ამბობს მკვლევარი.
კომპანია „მეტა“ რუსეთში „ექსტრემისტულ“ ორგანიზაციად აღიარეს და ოფიციალურად წვდომა რუს მომხმარებლებს სოციალურ ქსელებთან აღარ აქვთ. თუმცა დეზინფორმაციის მასშტაბი ამის გამო მაინც არ არის შემცირებული.
„ფაქტ-მეტრის” მთავარი რედაქტორის თქმით, დეზინტეგრირებულ საზოგადოებაში რუსეთი უფრო მარტივად აღწევს წარმატებას, შესაბამისად ვაქცინები იქნება ეს თემა, რელიგია თუ ლგბტ თემის საკითხი, რუსეთი ყოველთვის ამას გამოიყენებს იმისთვის, რომ გაავრცელოს ყალბი ამბები.
„ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ თვითონ სჯერა ვაქცინაში ჩიპის არსებობა, ან სჯერა, რომ ევროპა იდენტობას წაგვართმეს. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ადამიანები ყველაფერზე დააეჭვონ და ისინი ვეღარ ერთიანდებოდნენ საერთო ღირებულების ირგვლივ“, – აღნიშნა მალხაზ რეხვიაშვილმა.
ავტორი: ანეტ მიქელაძე