სხალთის ტაძარში წირვაა… მაღალმთიან აჭარაში, სხალთის ხეობის მართლმადიდებელი მოსახლეობა აქ გარშემო მდებარე სოფლებიდან მოდის.
ციალა სურმანიძე დღეს წირვაზე ვერ წავიდა. შვილებს ელოდება ქალაქიდან და დასახვედრად უნდა მოემზადოს. გადატვირთული დღის მიუხედავად სალოცავად დრო მაინც გამონახა. ის მართლმადიდებელი ქრისტიანია, მისი ქმარი, ლევან სურმანიძე კი, მუსლიმი.
„რელიგია არის ღვთის რწმენა, უფლის რწმენა და რატომ უნდა უშლიდეს ერთმანეთს ხელს, ვერ გამიგია. ღმერთი ხომ მაინც ერთია. ყველა გზა ტაძრისკენ მიდის და ეს ტაძარი მეჩეთი იქნება თუ ეკლესია მაგას მნიშვნელობა არ აქვს. როგორც უნდა ისე ილოცოს კაცმა“, – ამბობს ციალა სურმანიძე
სოფელ ჭერის მუსლიმი მოსახლეობა სოფლის მეჩეთში შუაღამის ლოცვისათვის შეიკრიბა. მათ შორისაა ლევან სურმანიძეც.
ისლამურ სამყაროში ახლა რამაზანია, იგივე მარხვა, რომელიც ერთი თვე გრძელდება.
სოფელი ჭერი, სხალთის ხეობაში მდებარეობს. აქ 50-მდე კომლი ცხოვრობს. და სურმანიძეების ოჯახის მსგავსად, ამ სოფელში განსხვავებული აღმსარებლობის მოსახლეობა ცხოვრობს. მათი ნაწილი მუსლიმია, ნაწილი კი მართლმადიდებელი ქრისტიანი. ასეა აჭარის თითქმის ყველა სოფელში.
„დავიბადე მუსულმანურად და მივყვები ჩემს დინებას. მე ახლა ამ ასაკში რომ მოვინათლო, მაგას ღმერთიც არ მაპატიებს. ისინიც ღმერთზე ლოცულობენ, მეც ღმერთზე ვლოცულობ, არაფერი განსხვავება არ არის. შვილები კარგად მყავს, 15 შვილიშვილი, შვილთაშვილები 6, ღმერთმა ამდენი რაღაცა თუ მომცა, მეც ვემსახურები, ავდივარ აგერ და ვლოცულობ“ – ამბობს ლევან სურმანიძე
განსხვავებულ რელიგიურ შეხედულებებს სულაც არ შეუშლია ხელი ცოლ-ქმრისთვის, რომ 44 წელი ერთად გაეტარებინათ. ოთხი შვილი ჰყავთ, ისინიც სხვადასხვა აღმსარებლობის არიან. ოჯახში იცავენ როგორც ქრისტიანულ, ისე მუსულმანურ ტრადიციებს.
„ორივეს ვემსახურებით, ცოდვაა თუ მადლია ეს უფალმა გაარჩიოს“ – ამბობს ციალა სურმანიძე
სურმანიძეების ოჯახი აღდგომას ყოველ წელს ერთად ზეიმობს. მალე ბაირამი იქნება. ციალა სურმანიძე ამ დღისთვისაც მოემზადება – მოამზადებს ჰალვას და ბაირამისთვის ტრადიციულ სხვადასხვა ტკბილეულს.
გიორგი ბოლქვაძე