მთავარიგადაცემებინამდვილი ეკონომიკარამდენად შესაძლებელია სოციალური პროგრამით ახალგაზრდობაში უმუშევრობის პრობლემა გადაიჭრას?

რამდენად შესაძლებელია სოციალური პროგრამით ახალგაზრდობაში უმუშევრობის პრობლემა გადაიჭრას?

2022 წელი ევროპელი ახალგაზრდების წლად არის გამოცხადებული და „რეალური ეკონომიკა“ სვამს კითხვას: რა კეთდება  წელს იმისთვის, რომ ნაკლებად პრივილეგირებულმა ახალგაზრდებმა გადამზადება და დასაქმება შეძლონ?

15-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები ევროკავშირის მოსახლეობის ერთ მეექვსედს შეადგენენ. ეკონომიკაზე  პანდემიით მიყენებული დარტყმა ყველაზე მეტად სწორედ მათ იგემეს: დაკარგეს სამსახური, შეუმცირდათ შემოსავალი და უჭირთ სამსახურის შოვნა.

მართალია, ახალგაზრდებში უმუშევრობა მცირდება (2022 წლის თებერვალში ეს მაჩვენებელი 14 %-მდე შემცირდა 2021 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული 18 %-დან), მაგრამ ახალგაზრდას ორჯერ მეტი შანსი აქვს ვერ დასაქმდეს, ვიდრე უფროსი ასაკის შრომისუნარიან ადამიანს (ამ კატეგორიაში უმუშევრობა 6.2 %-ია).

ევროპის ახალგაზრდობის გარანტია

ყოველი მერვე ახალგაზრდა არც სწავლობს, არც მუშაობს და არც რამე მოსამზადებელ კურსს გადის – მათ  ნიტებს NEET უწოდებენ.

ახალგაზრდებში უთანასწორობა რომ აღმოფხვრას და მათ დასაქმებას შეუწყოს ხელი, „ევროკავშირის ახალგაზრდების გარანტიის“ პროგრამა საშუალებას აძლევს 30 წლამდე ასაკის ყველა ახალგაზრდას, რომლებიც ამ პროგრამას მიმართავენ, ოთხ თვეში დასაქმდეს, გახდეს შეგირდი, მიიღოს განათლება ან გადაემზადოს.

ეს პროგრამა 2013 წელს  დაიწყო და მას შემდეგ ყოველ წელს 3 მილიონ ახალგაზრდას ეხმარებოდა, რაც ნიშნავს, რომ უკვე 36-მა მილიონმა კაცმა ისარგებლა ამ პროგრამით.

შრომისა და ცხოვრების გამოცდილება

ერთ-ერთი მეთოდი, რომლითაც პროგრამა „ახალგაზრდობის გარანტია“ ბენეფიციარებს ეხმარება, არის ახალგაზრდებისთვის ისეთი უნარ-ჩვევების მიცემა, რომლებიც მათ დაეხმარება, უცხოეთში დასაქმდნენ. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა ALMA, რომელიც იშიფრება როგორც  მიზანი, სწავლა, ოსტატობა და მიზნის მიღწევა – წლის ბოლოს უცხოეთში სამუშაოდ წასვლის საშუალებას მთელ ევროპის ტერიტორიაზე იძლევა.

„რეალური ეკონომიკა“ ჩეხეთის რესპუბლიკაში ჩავიდა, რათა საკუთარი თვალით ენახა ის ახალგაზრდები, რომლებმაც ირალნდიის დედაქალა დუბლინში იმუშავეს. ამის საშუალება ახალგაზრდებს მისცა პროგრამამ „ექსპედიცია ირლანდიაში“, რომელიც ინიციატივა TLN Mobility-ის ნაწილია.

ჯული ბაშტოვა რამდენიმე სხვადასხვა ოჯახში იზრდებოდა, როგორც შვილობილი და  ხშირად რთულ გარემოში უწევდა ცხოვრება. მან გადამზადება გაიარა და სოციალური მუშაკი გახდა, თუმცა დუბლინში გრაფიკული დიზაინის შესასწავლად წავიდა, როგორც სტაჟიორი. მას დიზაინერობა სურს.

ჯული ბაშტოვა, პროგრამის მონაწილე:

„ამ სფეროში  ყოველგვარი გამოცდილების გარეშე შევძელი მუშაობა. აქ იგივე არ გამომივიდა. ამ პროგრამის წყალობით უამრავი რამ ვისწავლე. ვნახე, რას ნიშნავს სამუშაო გარემო. საბავშვო წიგნის გაფორმებაში მივიღე მონაწილეობა, ასე რომ, შემიძლია საჩვენებლად რაღაცის წარმოდგენა.“

მოტივაციისა და თავდაჯერების წახალისება

პროგრამის –  „ექსპედიცია ირლანდიაში“ – საერთო ბიუჯეტი 100 მილიონ ევრომდეა, რომლის 70 %-საც ევროპის სოციალური ფონდი აფინანსებს. ამ პროგრამის ფარგლებში უკვე 7 000-მა ნაკლებად პრივილეგირებულმა ახალგაზრდამ შეძლო დასაქმება.

მართალია, ჯული ჯერჯერობით ისევ სოციალური მუშაკია, მაგრამ სამომავლოდ გეგმავს გრაფიკული დიზაინერი გახდეს.

„მე ვაგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას, გავდივარ გადასამზადებელ კურსს და რაღაც დამატებით სამუშაოსაც ვიღებ…ვისწავლე, როგორ გავხდე უფრო დამოუკიდებელი,“ – ამბობს ჯული ბაშტოვა.

მენტორი ამ პროექტის თითოეულ ეტაპს ესწრება, მათ შორის ინგლისურის გაკვეთილებს, პრაქტიკული კურსის ძებნასა და დახმარებას სთავაზობს. ეს არსებითი საკითხია, ასე მიაჩნია ტომკე ტრავნიჩეკს –  TLN Mobility Czech Republic-ის პროექტის მენეჯერს.

„იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც უცხოეთში სიარულის არავითარი გამოცდილება არ გააჩნიათ და რომლებსაც ხშირად არასრული განათლება აქვთ,  Erasmus-ის  პროგრამის ფარგლებში ქვეყნის დატოვება არ სურთ, რადგან მათ მეტისმეტად ეშინიათ…მაგრამ როდესაც ისინი უცხოეთში ხვდებიან, მათი მოტივაცია იმატებს,  თვითშეფასება უმაღლდებათ და თან მუშაობის გამოცდილებასაც იძენენ,“ – ამბობს ტომკე.

„თავს დაკარგულად ვთვლიდი“

დენიზა ჰონიგოვა  სოციოფობიით იტანჯება, რის გამოც მისი ცხოვრება ძალიან დაზარალდა. თავისი შიშების გამო გოგონამ ვერც სკოლა დაამთავრა და სამუშაოს შოვნაც ძალიან უჭირდა. ირლანდიიდან ჩამოსვლის შემდეგ იგი კაფეში მუშაობს და საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე ოცნებობს.

დენიზა ჰონიგოვა, პროგრამის მონაწილე:

„თავს დაკარგულად ვთვლიდი და თან თითქოს იმედი მქონდა, რომ რაღაც უკეთესი მოხდებოდა და თავს უკეთ ვიგრძნობდი. ჩემი აზრით,  სხვა ქვეყანაში წასვლა და ცხოვრება, სადაც მთელ დროს სხვა ხალხთან მუშაობასა და ურთიერთობაში ვატარებდი და, ფაქტობრივად, უცხოებთან ერთად ვცხოვრობდი, ძალიან დამეხმარა.“

ირლანდიაში მიღებული გამოცდილების წყალობით დენიზა უფრო ადვილად შედის სხვებთან კონტაქტში. თანაც შრომის პრაქტიკამ განუმტკიცა სურვილი, რომ კარიერა ალტერნატიული მოდის სექტორში გააგრძელოს.

„ეს დამეხმარა, გამეცნობიერებინა, რომ მინდა საკუთარი ბრენდი მქონდეს. ასე რომ, ახლა ამ მიმართულებით ვმუშაობ,“ – ამბობს დენიზა.

2019 წელს ყოველი მესამე ახალგაზრდა სულ მცირე 2 კვირით მიდოდა სამუშაოდ ან ტრენინგზე უცხოეთში. მაგრამ ეს ტენდენცია არაკონკურენტულ მდგომარეობაში აყენებს ნაკლებად პრივილეგირებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც ამის საშუალება არ აქვთ.

TLN Mobility ინიციატივის მსგავს შესაძლებლობებს კიდევ ერთი პროექტი ALMA სთავაზობს.

„ ეს ინიციატივა ერთ ისეთ რამეს აძლევს ახალგაზრდებს, რაც მათ ნამდვილად სჭირდებათ: ვგულისხმობ საკუთარი თავის რწმენას.“, – განმარტავს ევროკომისარი დასაქმებასა და სოციალურ საკითხებში  ნიკოლას შმიტი. „ის სთავაზობს ახალ შესაძლებლობას, რათა  აღმოაჩინონ რაღაც ახალი და გახდნენ დამოუკიდებლები. და ეს არის სწორედ ის, ჩემი აზრით, რაც დაეხმარება ახალაგზრდებს, სამომავლოდ საკუთარი ცხოვრება  და კარიერა ააწყონ, სტაბილური სამსახურის იპოვონ.“

აუნაზღაურებელი სტაჟირებისგან დაცვა

თუმცა ბრიუსელში მოქმედი „ევროპელი ახალგაზრდობის ფორუმი“ Alma-სგან  მეტ გარანტიას ითხოვს.

„Alma-მ შეიძლება რომ ძალიან კარგი გამოცდილება მისცეს ახალგაზრდებს, ნამდვილად შეიძლება გამოსადეგი იყოს, მაგრამ  მეტი გარანტია უნდა შესთავაზოს ხელფასისა და სოციალური დაცვის კუთხით. თუ გარანტიები არ იქნება, ამ პროგრამას ახალგაზრდები არ დააფასებენ,“ – განმარტავს მანონ დეშაიესი, „ევროპის ახალგაზრდობის ფორუმის“ პოლიტიკის ოფიცერი.

ამ ევროპული ინიციატივების მიზანია, რომ თითოეულმა ახალგაზრდამ შრომის ბაზარზე ღირსეული ადგილი იპოვოს.

„რეალური ეკონომიკის“ ჟურნალისტმა ნაომი ლოიდმა  დასაქმებისა და სოციალური საკითხების ევროკომისარს ნიკოლას შმიტს ჰკითხა, თუ როგორ დააზღვევს იგი პრაქტიკანტებს, რომ უფასოდ არ ამუშაონ. ევროკომისარმა განაცხადა, რომ ALMA-ს პროგრამის მონაწილე ბენეფიციარებს ფულს აუცილებლად გადაუხდიან.

„თუ ეს პიროვნება მუშაობს, მხოლოდ სოციალური დაცვა და უსაფრთხოება კი არ უნდა მიიღოს, რასაც ევროპის ფონდები, ევროპის სოციალური ფონდი  უზრუნველყოფს, არამედ  იმ კომპანიამ, რომელიც იქირავებს ასეთ ახალგაზრდას, ასევე უნდა გადაუხადოს ხელფასი, რომელიც სულ მცირე სახელფასო მინიმუმის ოდენობის უნდა იყოს,“ – განაცხადა ნიკოლას შმიტმა.

მილიარდობით ევროუკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად

ევროპაში მოულოდნელად ახალგაზრდების ახალი ჯგუფი გაჩნდა, რომლებსაც აქ მუშაობისა და სწავლის გაგრძელება სურთ – ესენი უკრაინელი ახალგაზრდები არიან, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომს გაურბიან. ევროკავშირმა მათ მუშაობისა და სწავლის უფლება მისცა და სულ ახლახან დახმარების ფონდიც შექმნა.

„ეს ის თანხებია, რომლებიც რეგიონული განვითარების ფონდისა და ასევე ევროპის სოციალური ფონდის მიერ ჯერ არ არის ათვისებული“, – განმარტავს  ნიკოლას შმიტი, ევროკომისარი დასაქმებასა და სოციალურ საკითხებში. „ჩვენ ვეუბნებით წევრ ქვეყნებს „ აიღეთ, გეთაყვა, ეს ფული და  გამოიყენეთ, როგორც შეძლებთ, უკრაინელ ლტოლვილებზე გათვლილი პროექტების დასაფინანსებლად.“  საუბარია მილიარდობით ევროზე, რომელიც სასწრაფოდ უნდა აითვისონ.“

რაც შეეხება შრომით ბაზარზე წვდომას, ევროკომისარი ამბობს, რომ ევროკავშირი ამაზეც მუშაობს.

„უკრაინელების დიპლომებისა და უნარ-ჩვევებს  ვაღიარებთ სპეციალური სისტემის საშუალებით, რომელიც ახლა ითარგმნა, მათ შორის უკრაინულადაც,“ – განუცხადა შმიტმა „ევრონიუსს“.

ავტორები: ნაომი ლოიდი, ფანი გორე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend