მთავარიგადაცემებისამიზნეციფრული მთავრობა: გაციფრულების გავლენა მოქალაქეთა კეთილდღეობაზე

ციფრული მთავრობა: გაციფრულების გავლენა მოქალაქეთა კეთილდღეობაზე

ტექნოლოგიური განვითარების გზით მიმავალი მსოფლიო ციფრული მთავრობის დანერგვაზე ფიქრობს. სწორედ ეს იყო დუბაიში გამართული მსოფლიო მთავრობათა მერვე სამიტის დღის წესრიგის მთავარი საკითხი. ამ ღონისძიებას 140 ქვეყნის მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე დაესწრო და მათ უკეთესი მომავლის შექმნაზე იმსჯელეს.

მოჰამედ ბინ ტალია, სამთავრობო სერვისების ხელმძღვანელი არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობაში, თვლის, რომ „ტექნოლოგია უკვე დიდი ხანია კაცობრიობის სამსახურში დგას .“

„ჩვენც ვცდილობთ, დავნერგოთ ისეთი ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებელს მომსახურებას გაუუმჯობესებს და გაუმარტივებს. ტექნოლოგიის დახმარებით შესაძლებელია, რომ მომხმარებლის დაფარვის მასშტაბი გაფართოვდეს და ტექნოლოგიამ მომხმარებლის სახელით იმოქმედოს. ვცდილობთ, გავაერთიანოთ სერვისები, გავამარტივოთ, რომ მომხმარებელი უფრო ნაკლებად გაისარჯოს და მომსახურება კი უფრო სწრაფად მიიღოს,“ – განაცხადა მან.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ციფრული მთავრობის 2025 წლის სტრატეგიაში მკაფიოდ არის გაწერილი მთავარი ამბიციური მიზნები მათ შორის ისიც, რომ 2023 წლისთვის მომსახურების 100 პროცენტი უნდა გაციფრულდეს.

მოჰამედ ბინ ტალია, სამთავრობო სერვისების ხელმძღვანელი არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობაში:

„ჩვენ, მთავრობა,  ვმუშაობთ ისეთ კონცეფციაზე, რომელსაც პროაქტიურ სერვისებს ვუწოდებთ. ჩვენ ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს, ვცდილობთ, მომხმარებელს  ისეთი მომსახურება მივაწოდოთ, რომელიც მას არ მოუთხოვია. მომხმარებელთან ურთიერთობის ისტორიის  მიხედვით, ჩვენ განვსაზღვრავთ, თუ რა სჭირდება მას და წინასწარ მივხვდებით, თუ რა სურს. შესაბამისად, გვინდა, მანამდე მივაწოდოთ გარკვეული სერვისი, სანამ ის თავად მოითხოვს.“

გაციფრულების მიზანი მთავრობის მხოლოდ  მიმდინარე და მომავალი პრობლემებისთვის მომზადება კი არ არის, არამედ ჩვენთვის, მომხმარებლისა და მოქალაქეებისთვის ისეთი მოქნილი მომსახურების შემოთავაზება, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს.

ტერმინი უჩინარი ტექნოლოგია ციფრულ სამყაროში სულ უფრო პოპულარული ხდება.

ომარ ალ ოლამა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელოვნური ინტელექტის მინისტრი:

„შენ ვერ უნდა ამჩნევდე, თუ როგორ ფართოვდება ტექნოლოგიის მოხმარების სფერო. შენ მხოლოდ მომსახურების ხარისხის სწრაფ ზრდას უნდა ამჩნევდე. ჩვენ გვჯერა, რომ მთავრობაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ტექნოლოგიის გამოყენების ფართო გავრცელებას შეუწყობს ხელს. შენ მიიღებ  მომსახურებას, რომელიც იმდენად კარგი ხარისხის იქნება, რომ იფიქრებ, თითქოს მთავრობას შენი ესმის, რადგან შენს ინდივიდუალურ მოთხოვნებზე, შენთვის ზედგამოჭრილ სერვისებს გთავაზობს. აი, ეს არის ხელოვნური ინტელექტის გავლენა ცხოვრებაზე.“

საინტერესოა, ასეთი განვითარება როგორ აისახება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე? დუბაიში მრჩეველი აიყვანეს, რომელმაც ამ საკითხს საბოლოო მომხმარებლის პოზიციიდან უნდა შეხედოს.

დოქტორი ალი ალ ავაზი, ციფრული დუბაის ქალაქის  მრჩეველი:

„ყურადღებას ძირითადად იმას ვაქცევ, თუ რა სჭირდება ადამიანს ქალაქში და როგორ უნდა უპასუხოს ტექნოლოგიამ ამ მოთხოვნებს. პანდემიამ დაგვანახა ასეთი კავშირის ეფექტიანობა, ასევე რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მონაცემებსა და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას, რათა მომსახურება საუკეთესოდ მოერგოს ადამიანს მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ქალაქებში, თუკი მათ ერთმანეთისთვის კონკურენციის გაწევა სურთ. ქალაქებში ეს რაც შეიძლება ეფექტიანად უნდა გაკეთდეს და ასევე ყურადღება უნდა მიექცეს ხალხის კეთილდღეობას. ეს მხოლოდ ეკონომიკურ კეთილდღეობას არ ეხება.“

ესტონეთის მოქალაქეებისა და მეწარმეებისთვის ციფრული წვდომა ცხოვრების წესია, იქნება ეს ვირტუალური სამთავრობო სერვისები, მათ შორის ხმის მიცემა და ბიზნესის დაფუძნება, თუ ოფიციალური დოკუმენტების ხელმოწერა.

ოტ ველსბერგი, ესტონეთის სამთავრობო მონაცემთა ბაზის ხელმძღვანელი:

„ჩვენი მიზანია, მთავრობა რაც შეიძლება უნაკლო, წინმსწრები და მომხმარებელზე ორიენტირებული იყოს. ამიტომ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ავტომატური მომსახურება დავნერგოთ. რა თქმა უნდა, ეს გაციფრულებასაც მოიცავს. მაგალითად, ერთ-ერთი ჩვენი ბოლო ინიციატივა, რომლის განვითარებაზეც ახლა ვმუშაობთ, არის პროექტი „ბიუროკრატი“. ეს გახლავთ მოქალაქის ხელოვნური ინტელექტის ვირტუალური ასისტენტი.“

დოქტორი რაიმონდ ხური იმ ანგარიშის ავტორია, რომელსაც  „არაბთა გაერთიანებული საამიროების  მომავლის მთავრობა 2022“ ჰქვია. იგი ამბობს, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც განვითარებაზე არ ზრუნავენ, ჩამორჩენა ელით.

დოქტორი რაიმონდ ხური, საკონსულტაციო კომპანია Arthur D Little-ის პარტნიორი:

„ანგარიშში მოცემული იქნება, თუ რა იქნება ჩვენი –  მომავლის მთავრობის –  მოსაზრებით მთავარი სამშენებლო ბლოკები. ეს ციფრულ ტექნოლოგიებზე მეტს გულისხმობს. არსებობს მითი, რომ თუკი ციფრულ ტექნოლოგიებსა და მთავრობას განავითარებ, ციფრულ მთავრობად გადაიქცევი. ეს არ არის მართალი. ეს პროცესი თავიდან უნდა დაიწყოს. უნდა გყავდეს გაბედული ხელმძღვანელობა გაბედული სტრატეგიით, რომელიც შენი მომსახურების გაციფრულებაზე  შორს წავა.  მთავრობის საქმიანი მოდელი სრულად უნდა შეიცვალოს.“

მსოფლიო მთავრობათა სამიტის დროს, დუბაის მუნიციპალიტეტმა განაცხადა, რომ თავის ციფრულ ამბიციას გააგრძელებს და „მეტავერსის“ (Metaverse) პლატფორმაზე გადავა. ის კერძო სექტორთან ითანამშრომლებს, რათა სამომავლოდ ადამიანზე ორიენტირებული ქალაქის კონცეფცია შექმნას, რომელიც ხალხს მეტავერსის პერსპექტივებსაც გაუზიარებს.

ავტორი: ნატალი ლინდო

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend