მთავარისაქართველორა სანქციების დაწესება შეუძლია რუსეთისთვის საქართველოს?

რა სანქციების დაწესება შეუძლია რუსეთისთვის საქართველოს?

საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის დამატებითი, მკაცრი სანქციების დაწესების თემა ქართულ პოლიტიკაში კვლავ გააქტიურდა.

ოპოზიცია ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს სახელმწიფო საზღვრები, რათა საქართველოში არ შემოვიდნენ რუსეთის დასანქცირებული ან საეჭვო მოქალაქეები.

ასევე, დამატებითი ზომები გატარდეს საბაჟოებზე, დასანქცირებული ტვირთების შეზღუდვისთვის, რათა საქართველოს გავლით არ მოხდეს რუსეთის მომარაგება.

„მივმართავთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, იმისთვის, რომ სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული საკითხი დაიხუროს, ამკრძალავი ნორმების პაკეტი შეიქმნას. პაკეტით გაწერილი უნდა იყოს, როგორ ვკრძალავთ საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქციის ტრანზიტს. საქართველოში არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის არ არის ხელმისაწვდომი არც ერთი ნორმა, რომლითაც აკრძალული იქნება აკრძალული პროდუქციის ტრანზიტი საქართველოს გავლით რუსეთში. იმისთვის, რომ ყველა კითხვის ნიშანი საქართველოსთან დაკავშირებით მოიხსნას, აუცილებელია შეიქმნას კანონი და კანონქვემდებარე აქტები, რომ ყველა მებაჟემ, მესაზღვრემ, საჯარო მოხელემ, პოლიციელმა იცოდეს, რა ტიპის პროდუქციის ტრანზიტია აკრძალული. გამოვლენის შემთხვევაში, რა რეაგირებას ახდენს შესაბამისი ორგანოები, რომ დასავლეთის პარტნიორობის მყარი სტატუსი შეინარჩუნოს საქართველომ და კითხვები არ არსებობდეს. რაც მთავარია, ჩვენი მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს გარანტირებული, გზა ამისკენ არის მხოლოდ დასავლეთთან თანამშრომლობა“, – განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

მმართველ პარტიაში კვლავ ამბობენ, რომ საქართველო ვერ დაუწესებს რუსეთს დამატებით სანქციებს. მიზეზი არაეფექტურობა და საპირისპირო საფრთხეებია. ამავე დროს „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ეცდება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით რუსეთთან ყოველგვარი თანამშრომლობა აღკვეთოს.

“როდესაც ოპოზიცია საუბრობს, რომ საქართველო რაიმე ძალისხმევას აკლებს და არ აკეთებს იმას, რაც ეფექტურად იმუშავებს, ეს არის პოლიტიკური უზნეობა და პოლიტიკური კეკლუცობის კლასიკური ნიმუში. ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ძალიან მკაფიოდ აღიქვამს და ესმით მოქმედებები, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს – დიახ, საქართველო მოქმედებს სწორად! რატომაც ამას “ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ტვინგაცხელებული წარმომადგენელი ვერ იგებს, რომლისთვისაც ქვეყნის და საზოგადოების ინტერესი არაფერს ნიშნავს. ჰოი საოცრებავ! ჭიჭე ვაშაძეს ვერ გაუგია, რას აკეთებს საქართველო და რაღაც აბსურდს ითხოვს. იქნებ საკუთარ ქვეყანას და ხალხს წარმოუდგინოს, რას ითხოვს ისეთს, რასაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით არ აკეთებს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.

ეკონომიკის სპეციალისტების განცხადებით, საქართველო ვერანაირი სანქციით ვერ მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას საგრძნობ ზიანს. მთავარია ხელისუფლებამ საზღვრის და საბაჟოების კონტროლი ეფექტურად უზრუნველყოს და ხელი არ შეუშალოს საერთაშორისო სანქციებს.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი დავით კეშელავა ამბობს, რომ საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად ძლიერ არის დამოკიდებული. დამატებითი სანქციების დაწესებით კი, რუსეთზე მეტად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დაზიანდება.

“სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკა რჩება რუსეთზე დამოკიდებული. თუმცა, უკვე ვხედავთ ნიშნებს, რომ ეს დამოკიდებულება ახლო მომავალში მნიშვნელოვნად შემცირდება ავტომატურად. ჩვენი ქვეყანა ვერ დაუწესებს რუსეთს ისეთ სანქციებს, რომელიც მისი ეკონომიკის სტაბილურობას შეარყევს და რაიმე საგრძნობ ზიანს მიაყენებს. თუმცა, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეყანაში ვერ შემოვიდნენ ისეთი პირები, რომელთაც საერთაშორისო სანქციები აქვთ დაწესებული. ასევე არ მოხდეს საქართველოს, როგორც დერეფნის გამოყენება უკანონო ან დასანქცირებული ტვირთბრუნვისთვის. ექსპორტ-იმპორტის შემცირება ან საერთოდ აკრძალვა, უფრო ჩვენ დაგვაზიანებს, ვიდრე რუსეთს, ამიტომ ამას პრინციპში არც არავინ გვთხოვს“, – განაცხადა დავით კეშელავამ.

პოლიტიკური განხილვების და ურთიერთბრალდებების მიღმა, ქართველი პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ ამ საკითხზე მსჯელობა საჭიროა და რაც მთავარია ერთად. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, პარტნიორების გადაწყვეტილების მოლოდინშია.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend