უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყებიდან 55 – ე დღეს საბრძოლო მოქმედებების სიმძიმის ცენტრი აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასშია გადმოტანილი.
მოსკოვი აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე შეტევას ცდილობს, სამხრეთის ფრონტის ხაზზე რუსული არმია თავდაცვით ომს აწარმოებს, ჩრდილოეთის ფრონტის ხაზზე კი რუსულმა იარაღმა ფიასკო განიცადა.
რუსულ ჩექმის ნაკვალევი ბუჩასა და კიევის რაიონის სხვა ქალაქებში ყველამ ვიხილეთ. რუსული პროპაგანდა მეტამორფოზას ომის დინამიკის მიხედვით განიცდის.
კრემლში აცხადებენ, რომ ახლა მათი მთავარი სამიზნე დონბასია.
სავარაუდოა, რომ მოსკოვში უკრაინის “დენაციფიკაციისა” და “დემილიტარიზაციის” იდეა ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის ლიდერს ვლადიმერ ჟირინოვსკის გაატანეს.
უკრაინაში ომის 55-ე დღეს ყველამ ვიხილეთ, სოციალურ ქსელში ატვირთული განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა.
ამ მასალებით დასტურდება, რომ 500 – ზე მეტი ყველა ტიპის რუსული ტანკია განადგურებული, ეს კი ჯამში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და გაერთიანებული სამეფოს არმიების მფლობელობაში მქონე მოქმედ ტანკებზე მეტია.
რუსეთის ფედერაციის სახმელეთო სამხედრო სარეზერვო ბაზებს, სადაც სხვადასხვა შეიარაღება ინახება, უწოდებენ ცენტრალურ სატანკო სარეზერვო ბაზებს.
ბაზები მთელი რუსეთის ტერიტორიაზეა განაწილებული, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მათგანზეა სამხედრო ტექნიკა.
სანქციებისა და სამხედრო დანაკარგების გათვალისწინებით, რუსული სარეზერვო და მორალური კრიზისის ფონზე, უკრაინის არმია გულანთებული და კბილებამდე შეიარაღებულია.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო დაპირისპირებაში დემოკრატიის მხარეს ქართული ლეგიონიც იბრძვის.
ომი გრძელდება და უკრაინას მსოფლიოს 30 სახელმწიფო უწევს სამხედრო დახმარებას და იზრდება ალბათობა იმისა, რომ ვიხილოთ “ძლევაი საკვირველი”.