მთავარისაქართველო„უძველესი ანბანის ქვეყანა“ - გამოფენა წინანდლის მამულში

„უძველესი ანბანის ქვეყანა“ – გამოფენა წინანდლის მამულში

ფერადი მინიატურებით დასურათებული მეთვრამეტე საუკუნის ვეფხისტყაოსანი, მეთერთმეტე საუკუნის ალავერდის ოთხთავი, მეექვსე საუკუნით დათარიღებული პალიმფსესტი… ამ და სხვა უძველესი და უნიკალური ხელნაწერების ასლები წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმშია გამოფენილი.

ამ უნიკალური ძეგლების, კიდევ ერთხელ ნახვის შესაძლებლობა „წინანდლის მამულისა“ და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით მოხერხდა.

“წინანდლის სახელობის მუზეუმში გამოფენების სეზონი გაიხსნა. საქართველოს ხელნაწერთა ცენტრის და მისი დირექტორის ზაზა აბაშიძესთან ხელმძღვანელობით აქ წარმოდგენილია რამდენიმე ხელნაწერი. გრძელდება ისტორია. გრძელდება ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესო ექსპონატების ჩვენება”, – ამბობს „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი.

გამოფენაზე „უძველესი ანბანის ქვეყანა“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავებში დაცული ხელნაწერების გაცნობაა შესაძლებელი. აქ ნახავთ ხელნაწერების ასლებსა და ფოტომასალას.

მათ შორის არის „ჭიაბერის წყალობის დაწერილი მღვიმის მონასტრისადმი“, რომლის მიხედვითაც, მეფის ვასალმა, თამარ მეფის ნებართვით მღვიმეს შესწირა ჟინოვნში მცხოვრები ყმა-ვაჭრები. ამ დოკუმენტით შემოგვრჩა თამარის ხელრთვა-ფაქსიმილე. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ვეფხისტყაოსნის სამი სხვადასხვა ხელნაწერის ასლი.

“ცხადია, რომ ჩვენ მულაჟი წარმოვადგინეთ და არა თვით ორიგინალი. ჩვენ წარმოვადგინეთ ქართული ხელნაწერები, არამარტო სასულიერო მწერლობა, მაგალითად ძველი ბიბლიის ტექსტების შემცვლელი პალიმფსესტები, არამედ ჩვენ წარმოვადგინეთ საერო მწერლების ძეგლებიც, მათ შორის ცხადია შოთა რუსთაველიც. მისი რამდენიმე გამოცემა. მათ შორის ბეგთაბეგისეული ხელნაწერი, წერეთლისეული, ალავიშვილისეული. ასე რომ მე მგონი ძალიან საინტერესო გამოფენა გამოვიდა”, – განაცხადა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ.

წინანდალში გამოფენაზე „უძველესი ანბანის ქვეყანა“ წარმოდგენილია მეათე საუკუნის უნიკალური ებრაულენოვანი ბიბლია – ე.წ. ლაილაშის ბიბლია. ეს ხელნაწერი, გასული საუკუნის 40-იან წლებში აღმოაჩინეს ლეჩხუმის სოფელ ლაილაშში. ამჟამად ლაილაშის ბიბლია საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება.

„დღეს ჩვენ აქ წარმოვადგინეთ ბიბლიოლოგებისთვის, სემიტოლოგებისთვის, ტექსტოლოგებისთვის და საერთოდ მეცნიერებისთვის ლაილაშის ბიბლია. ერთ-ერთი უძველესი ბიბლია, რომელიც თარიღდება მეათე-მეთერმეტე საუკუნის მიჯნით. არის ბიბლიების ძალიან საინტერესო ნიმუში. ეს არის მოსეს ხუთწიგნეული, თავისი კომენტარებით. ძალიან საინტერესო კომენტარებით. და მინდა გითხრათ, რომ ეს ბიბლია ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი არც ებრაიელი და არც ქართველი მეცნიერების მიერ“, – ამბობს ზაზა აბაშიძე.

დამთვალიერებელს ამ უნიკალური ხელნაწერების ხილვა ივნისის შუა რიცხვებამდე შეეძლება. თუმცა გამოფენის ორგანიზატორების თქმით, წინანდალში ხელნაწერების გამოფენა ამით არ დასრულდება და პერმანენტული ხასიათი ექნება. ივნისსში გამოფენის ექსპოზიცია შეიცვლება და აქ ჩამოსული სტუმრები სხვა უძველესი ხელნაწერების ასლების დათვალიერებას შეძლებენ.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend