შვედეთის ჩრდილოეთში, შელეფტეოში ქალაქს გადაჰყურებს 25 სართულიანი ახალი ცათამბჯენი, რომელიც მთლიანად ხისგანაა აგებული.
74 მეტრის სიმაღლის შენობა მსოფლიოში სიდიდით მეორე მაღალი ხის ნაგებობაა, რომლისთვისაც ადგილობრივი მასალაა გამოყენებული. ნაგებობა თვალსაჩინო მაგალითია ხის დამუშავების ფართო შესაძლებლობებისა.
შელეფტეოს ურბანული დაგეგმარების ხელმძღვანელი ტერეზა კრეისელი აღნიშნავს, რომ ლიფტის შახტებიც მთლიანად ხისაა. არ არის გამოყენებული თაბაშირი, ან ხის იზოლაცია. 25- სართულიანი შენობისთვის უნიკალური მოვლენაა.
შენობის პრეზენტაცია გასული წლის ოქტომბერში გაიმართა, ეს იყო ერთგვარი საჩვენებელი პროექტი. მათ საზოგადოებას წარუდგინეს ის უნარები და ტექნიკა, რომლებიც დაეხმარება ყველას გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
როგორც პროექტის კოორდინატორი ჯესიკა ბეკერი ამბობს, ისინი ცდილობენ, შეამცირონ ნახშირბადის ემისიები, ხის ნაგებობები კი ამის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რადგან მას აქვს ნახშირბადის შემაკავებელი ეფექტი. ასეთ დროს ნახშირბადი უფრო მცირე რაოდენობით გამოიყოფა, ვიდრე რკინა-ბეტონის გამოყენებისას.
გეოთერმული გათბობის ტუმბო და შენობის სახურავებზე 1200 კვადრატულ მეტრზე განთავსებული მზის პანელები შენობის უმეტეს ნაწილს ენერგიით უზრუნველყოფს, დანარჩენი კი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიეწოდება. როგორც შენობის არქიტექტორი აცხადებს, მშენებლობისას გამოყენებული მასალა 2-ჯერ უფრო მეტ ნახშირბადს აკავებს.