მთავარიევროპაუკრაინასოფელ ჰუსაროვკაში რუსული ოკუპაციის დღეებს იხსენებენ

სოფელ ჰუსაროვკაში რუსული ოკუპაციის დღეებს იხსენებენ

ყოველ დღე უფრო და უფრო ნათელი ხდება, თუ რა სასტიკი იყო რუსული ოკუპაციის დღეები უკრაინის იმ რეგიონებში, რომლებიც რუსულმა არმიამ ცოტა ხნის წინ დატოვა. ოჯახების ნაწილმა ჯერ ისევ არ იცის, სად არიან მათი ნათესავები, მეგობრები, ოჯახის წევრები, რომლებიც იმ საზარელ პერიოდში დაიკარგნენ. მოსახლეობა პოულობს დამწვარ ცხედრებს, რომელთა ამოცნობაც შეუძლებელია.

ხარკოვის რაიონის სოფელ ჰუსაროვკაში, ფერმასთან ახლოს, სარდაფში სერგეი ბაბენკომ სამი დამწვარი ცხედარი იპოვა. ჯერ არავინ იცის გარდაცვლილთა ვინაობა. ეს იმ მრავალ სისასტიკეთაგან ერთ-ერთია, რაც რუსული ოკუპაციის დროს ამ სოფელში მოხდა. სოფლის ცენტრში, კვლავ დგას დამწვარი ავტომობილი, რომელშიც რუსმა სამხედროებმა ოჯახი ჩახოცეს. ოკუპანტები 10 დღის განმავლობაში არავის აძლევდნენ მანქანიდან ცხედრების გადმოსვენების უფლებას. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი მცირეწლოვანი ბავშვი იყო.

ჯერ ისევ უცნობია ზუსტად რამდენი სამოქალაქო პირი შეეწირა რუსულ ოკუპაციას ამ მიდამოებში. განადგურებული რუსული სამხედრო მანქანები მთელ სოფელშია მიმოფანტული, ისინი ახლა უკრაინული ძალების კონტროლის ქვეშაა.

ერთ-ერთი ადგილობრივი, ვალენტინა იხსენებს, რომ სამხედროები თავდაპირველად მოსახლეობას ესაუბრებოდნენ და უკრაინაში ჩამოსვლის მიზეზებსაც უყვებოდნენ.

„ჩემმა ქალიშვილმა ჰკითხა: ბიჭებო, რატომ მოხვედით აქ? რა დავალება გაქვთ? მათ კი უპასუხეს, რომ ეგონათ თითქოს წვრთნაზე მიჰყავდათ. თქვეს, რომ სამხედრო სამსახური ჯერ არ ჰქონდათ დასრულებული და ხელმძღვანელობამ უთხრა, რომ წვრთნისთვის მომზადებულიყვნენ. მოკლედ ასე… ეგონათ წვრთნაზე წავიდნენ და სხვა ადგილზე აღმოჩნდნენ. ასე თქვეს: „ჩვენ უბრალოდ ჩამოვედით, რომ დაგიცვათ ბანდერელებისგანო“, – იხსენებს ვალენტინა.

ადგილობრივებს ეშინიათ, რომ საოკუპაციო ძალები ისევ დაბრუნდებიან, მთელი თავისი სისასტიკით.

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend