მთავარისაქართველოუკრაინელები საქართველოში

უკრაინელები საქართველოში

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ქვეყანა 4.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრი კასიანოვის ინფორმაციით, აპრილის დასაწყისისთვის საქართველოში უკვე 20 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილია. სამშობლოსგან შორს ახლა ისინი ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობენ..

ტატიანა და ალექსი საქართველოში 23 თებერვალს ჩამოვიდნენ, მეორე დღეს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მას შემდეგ ისინი საქართველოში ცხოვრობენ. ახალი ცხოვრების დაწყება იოლი არ იყო ახალგაზრდა ექიმებისთვის, მაგრამ გაუმართლათ და ერთ-ერთმა  სტომატოლოგიურმა კლინიკამ სამსახური შესთავაზა.  ახლა ჯანდაცვის სამინისტროსგან ლიცენზიას ელიან და სულ მალე შეძლებენ მუშაობის დაწყებას.

„აქ 23 თებერვალს ახლობლებთან სტუმრად ჩამოვედით მე, ჩემი უფროსი შვილი და ერთი მეგობარი. დაბრუნება კი ვეღარ შევძელით. უკრაინაში ყველაფერი რთულადაა. ჩვენ დნიპროდან ვართ, იქ შედარებით სიმშვიდეა… ალბათ, ახალი ამბებით იგებთ რა მდგომარეობაში არიან ახლა უკრაინელები, ყველაფერი შეიცვალა. ორი სხვადასხვა სამყარო გაჩნდა, ომამდე და ომის შემდეგ. ეს ყველას შეეხო და ყველას ცხოვრება შეცვალა. იცით, ეს ომი მხოლოდ ცალკეული ადამიანების ბედს არ წყვეტს, მთელი მსოფლიოს ხალხთანაა კავშირში. ახლა ყველა გაურკვევლობაშია და ჯერ კიდევ ვერ ხვდება, როგორ მოიქცეს. ვისაც შეეძლო სახლი დატოვა და მშვიდობიან ადგილას წავიდა, ჩვენს ქალაქშიც ჩადის ხალხი ხარკოვიდან ან სხვა ცხელი წერტილებიდან. ძალიან ძნელია სამშობლოსგან შორს ყოფნა, მაგრამ ქართველები კეთილგანწყობილები არიან ჩვენს მიმართ, თავს მიტოვებულებად არ ვგრძნობთ. ჩვენ უფრო გაგვიმართლა ვიდრე სხვებს, მალე შევძლებთ ვიმუშაოთ და ხალხსაც გავიცნობთ” – ყვება ტატიანა.

ალექსი 28 წლისაა, ისიც პროფესიით სტომატოლოგია და ახლა კლინიკის პერსონალთან ერთად ტრენინგს გადის, თუმცა ექიმობის გარდა, მას სხვა საყვარელი საქმიანობაც აქვს.

„სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა ჯერ არ მაქვს და არ მინდა აქ დარჩენის შემთხვევაში სხვის კმაყოფაზე ვიცხოვრო. კარგი პროფესია მაქვს და ვეცდები გამოვიყენო. უკრაინაში ცხოვრებისას ერთი ჰობი მქონდა და მინდოდა მისთვის სერიოზული ყურადღება დამეთმო. მუსიკოსი ვარ, ჰიპ-ჰოპი და რეპი მიტაცებს, ბოლოს ვაპირებდი ალბომი გამომეშვა, ახლა კი ყველა ეს შესაძლებლობა გაქრა“.-ამბობს ალექსი

სტომატოლოგიურ კლინიკაში ამბობენ, რომ ძალიან უხარიათ, ტატიანას და ალექსის დახმარება რომ შეძლეს.

„ჯერჯერობით სამ სტომატოლოგს ვასაქმებთ, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ. მათ სხვადასხვა ლიცენზია აქვთ და თუ კი კიდევ გამოგვიჩნდება ადგილი, მზად ვართ დავიმატოთ თანამშრომლები“- ამბობს კლინიკა “დენტალ ცენტრი მედისონის” დირექტორი სოსო გოგინაშვილი.

ტატიანამ და ალექსიმ არ იციან, როდის დაბრუნდებიან სახლში და იმედი აქვთ, რომ მალე შეძლებენ საქართველოში მუშაობის დაწყებას.

ტატიანას სჯერა, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ისე აღარაფერი იქნება, როგორც ადრე.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend